ბათუმი ფესტივალის - "ოდესა-ბათუმი ფოტო დღეების" მეორე ნაწილისათვის ემზადება

ბათუმი ფესტივალის - "ოდესა-ბათუმი ფოტო დღეების" მეორე ნაწილისათვის ემზადება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალი ტარდება ორ ქვეყანაში და ყოველ ჯერზე ახალი პროგრამით ახლდება. "დაძმობილებული ქალაქების ფესტივალმა სტარტი ამა წლის აპრილში უკრაინაში, ქალაქ ოდესაში აიღო. ფოტოპროექტის ფარგლებში ყველა მსურველს შეეძლო უფასოდ დასწრებოდა საგანმანათლებლო პროგრამას, მოესმინა ლექციები, მასტერ-კლასები, მოენახულებინა გამოფენები და ჩვენებები. ოდესაში ფოტოდღეებში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები - მატიუ პარენტი (საფრანგეთი), ანა რიაბოშენკო (საქართველო) და კლაუდია კუნინი (აშშ); დაახლოებით 40-მა უკრაინელმა ფოტოგრაფმა ადამ მაზურის (პოლონეთი), რაფალ მილახის (პოლონეთი) და პატერ ინგმანის (შვედეთი) მასტერკლასები მოისმინა. საღამოობით ფესტივალის სტუმრებს ამერიკის, აზიის, საქართველოს და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ფოტოფესტივალების საუკეთესო ნამუშევრებს უჩვენებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ფოტოფესტივალის - "ისტორია//მანიპულაცია" ქართული ეტაპის პროგრამა 7 გამოფენისგან შედგება, აქედან 3 იქნება გამოფენილი საჯარო სივრცეში, 4 - ზღვის პირას და ასევე გაიმართება შეხვედრები ორგანიზატორებთან, კურატორებთან და თავად ხელოვანებთან.

ფესტივალის - ოდესა//ბათუმი ფოტო დღეები სტუმრები იქნებიან ხელოვანები და კურატორები თურქეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. მაგალითად, კატერინა რადჩენკო, რომელსაც ჩამოაქვს უკრაინული გამოფენა "თრუსტ ზონე", ხარკოველი ჯგუფი შილო (ვლადისლავ კროსნოშოკი, სერგეი ლებედინსკი, ვადიმ ტრიკოზი), თურქული გამოფენის "Magic Inventions" კურატორი ბერალ მადრა, პოლონელები - Eastreet pfotograph festival-ის ორგანიზატორები, ფოტოხელოვანი ანდრეი ლიანკევიჩი მინსკიდან გამოფენით "Good bye, Motherland".

ფესტივალი სტარტს 25 აგვისტოს იღებს. დაინტერესებულ პირებს პროგრამისა და ფესტივალის შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ შემდეგ ვებგვერდზე - http://thephotodays.org, პრომო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=21HDYMxUMAc.