მსოფლიოს 24 ქვეყანა გაკოტრების საფრთხის წინაშეა

მალე მათ, სავარაუდოდ, კიდევ 14 ქვეყანა შეემატება

საბერძნეთი, რომელიც ახლახან უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, გლობალური დავალიანების "ბომბის" მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს, - წერს ინტერნეტ-გამოცემა talkmarkets.com.

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში 24 ქვეყანაა, რომელიც გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. მათ სიას მალე, სავარაუდოდ, კიდევ 14 დაემატება.

გამოცემა წერს, რომ დავალიანების წილმა პლანეტის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 286% შეადგინა. საერთო ჯამში, ვალდებულებების მოცულობა 200 ტრილიონამდე დოლარით განისაზღვრა. ეს კი ნიშნავს, რომ დედამიწის თითოეულ მაცხოვრებელს, ბავშვების ჩათვლით, 28 ათასი დოლარის სესხი აქვს.

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში 10 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ამ ვალის გასტუმრების შესაძლებლობა არასდროს იქნება.

გამოცემა პესიმისტურად უყურებს საბერძნეთის "გადასარჩენად" ევროკავშირის მიერ მესამე კრედიტის გამოყოფის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. "ეს ჰგავს ერთი საკრედიტო ბარათის გადაფარვას მეორე საკრედიტო ბარათით, რადგან ევროპაში ყველა ვირტუალურად ვალებში იხრჩობა", - წერს გამოცემა.

24 ქვეყანას შორის, რომლებიც გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას, საბერძნეთის გარდა, დასახელებულია ჩვენი მეზობელი სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ირლანდია, იამაიკა, ლიბანი, მაკედონია, მონტენეგრო, პორტუგალია, ბელიზი, კოსტა-რიკა, დომინიკელების რესპუბლიკა, ელ-სალვადორი, გამბია, გრენადა და მარშალის კუნძულები.

ბელა ნოზაძე