გურიის რეგიონში ფერმერებმა შეღავათიანი სესხი მიიღეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში გურიის რეგიონში შეღავათიანი სესხი როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილმა ფერმერმა მიიღო.

გურიის გუბერნიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით სახელმწიფო ახლად შექმნილ და მოქმედ საწარმოებს აფინანსებს. მათივე ცნობით, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრებმა გივი ნინიძემ ისარგებლა, რომელმაც კრედიტის სახით 15%-ში 30 000 აშშ დოლარი აიღო, საიდანაც 12%-ს სახელმწიფო უფინანსებს, ხოლო 3%-ს თავად ფერმერი იხდის.

როგორც გურიის გუბერნიაში აცხადებენ, თავდაპირველად აღებული თანხით გივი ნინიძემ 100 ფუტკრის ოჯახი და ლაბორატორია შეიძინა, შემდეგ კი აღნიშნული მეურნეობა გააფართოვა. სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი გურიის მხარეში, გია სალუქვაძე დღეს ნინიძეების ოჯახს ესტუმრა.

გუბერნატორმა იქ არსებული ქართული მთის რუხი ფუტკრის საჯიშე-სანაშენე მეურნეობა და ფუტკრის დედების ხელოვნული განაყოფიერების ლაბორატორია დაათვალიერა. ,,გურიის რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო მეურნეობაში ვიმყოფებოდი. რაც აქ ვიხილე, ეს არის გარანტი იმისა, რომ ქართული ფუტკარი არასდროს გადაგვარდება. მოხარული ვარ, რომ ქართული ჯიშის ფუტკარი, რომელიც უნიკალურია თავისი მახასიათებლებით, აღორძინების გზაზეა. დღეს ქართულ თაფლზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს თითოეულ მეწარმეს, ჩაერთოს ყველა იმ სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც მათ თავიანთი ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება",- აღნიშნა გია სალუქვაძემ.

როგორც გივი ნინიძემ აღნიშნა, იგეგმება თაფლის ჩამოსასხამი ახალი საწარმოს აშენება, რაც პროდუქტის უკვე შემდგომი რეალიზაციის პრობლემას მოაგვარებს. საწარმოში ამ ეტაპზე ოთხი ადამიანია დასაქმებული და ისინი უახლოეს მომავალში მეტად გაფართოებასაც გეგმავენ.