ჩინეთში სპილენძის რეექსპორტი იზრდება

სპილენძის ექსპორტის მოცულობა, რომელმაც ბოლო პერიოდში საექსპორტო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, წელს იანვარ-ივნისში შარშანდელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და 114 ათას ტონას მიაღწია.

ზრდის მიუხედავად, ღირებულებით გამოხატულებაში 6%-ით შემცირდა და 130 ათასი დოლარით განისაზღვრა, რაც ლითონზე საერთაშორისო ფასების დაცემას უკავშირდება. როგორც bpn-ს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, თუ 2014 წლის პირველ ნახევარში ძირითადი საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთი იყო (ისევე როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში), მისი წილი ექსპორტის მოცულობაში 69%-დან 56%-მდე შემცირდა. ამ მიმართულებით სპილენძის გადაზიდვები წელს 12%-ით შემცირდა და 72 ათასი ტონა შეადგინა. 2,5-ჯერ შემცირდა ფერადი ლითონის ექსპორტი ესპანეთში და 8 ათასი ტონით განისაზღვრა. ტრადიციული ბაზრების დაკარგვის კომპენსირება წელს ჩინეთის მიმართულებამ შეძლო, სადაც წითელი მეტალის რეალიზაცია 2,7-ჯერ გაიზარდა და 34 ათასს ტონას გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ პარალელურ რეჟიმში 14,8%-ით გაიზარდა სპილენძის იმპორტიც და 95 ათას ტონას მიაღწია (17%-ით გაიზარდა ღირებულება და 110 მილიონი დოლარით განისაზღვრა). იმპორტის ძირითადი ნაწილი (47%) სომხეთიდან შემოდის, საიდანაც პროდუქციის იმპორტი გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 11%-ით შემცირდა და 45 ათასი ტონა შეადგინა. მეორე ადგილზე, 19 ათასი ტონით, პორტუგალიაა, მესამეზე - 14 ათასი ტონით შვეიცარია. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ექვსჯერ გაიზარდა სპილენძის იმპორტი მაროკოდან და 12 ათას ტონას გადააჭარბა.

ბელა ნოზაძე