უკრაინაში ახალი ავტომობილების გაყიდვების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

უკრაინაში ახალი ავტომობილების გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. გასულ თვეს სულ 5 210 ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა თვის მონაცემებთან შედარებით 54.3 პროცენტით მეტია. გაყიდვების რეკორდული ზრდა უკრაინაში ყველაზე პოპულარულ 25-ივე ავტომობილს შეეხო. თუმცა, უკრაინის ავტობაზარზე პოპულარული სამეული უცვლელი დარჩა. მათ შორისაა "ტოიოტა", "რენო", "ზაპოროჟეცი". მეოთხე ადგილს კი "ფორდი" იკავებს. ათეულში ასევე შედიან "მაზდა" და ფრანგული "პეჟოც". ავტომობილების ბიზნესით დაკავებული ადამიანები იმედოვნებენ, რომ გაყიდვების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

უკრაინაში ევრომაიდნის მოვლენებმა, აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაასუსტა. კრიზისი ავტოინდუსტრიაზეც აისახა.