მომხმარებელმა ლუდისა და თამბაქოს ყიდვას მოუკლო

სხვადასხვა პროდუქტის გაძვირების გამო ოჯახის ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა. ადამიანებს აღარ რჩებათ შედარებით ნაკლებად მოხმარებად საგნებსა და პროდუქტებზე დასახარჯი თანხა, რის გამოც ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ. სწორედ ასეთ ნუსხაშია თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი, რომელიც წელს საგრძნობლად გაძვირდა. შესაბამისად, მომხმარებლებმა ამ მიმართულებით ხარჯი შეზღუდეს.

თამბაქო ბოლო პერიოდში კიდევ 20 თეთრით გაძვირდა. როგორც სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, სიგარეტზე ფასი შემომტანმა კომპანიებმა გაზარდეს. შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყველა სახის ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთმა - 0,15 ლარით, ხოლო უფილტრო თამბაქოზე 0,05 ლარით მოიმატა, 2015 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. 1 ივლისიდან კი საქართველოში ადვალური ტიპის გადასახადი შემოვიდა, რაც დამატებით თითო კოლოფი სიგარეტის ღირებულების 5%-ით დაბეგვრას გულისხმობს. საბოლოო ჯამში, 2 ლარიანი სიგარეტი ახალი გადასახადების გამოისობით დამატებით კიდევ 20 თეთრით გაძვირდა.

”თამბაქოს აქტიური მომხმარებელი ვიყავი, ორ დღეში სამი კოლოფი სიგარეტი მჭირდებოდა. ერთი პერიოდი მოწევას თავი დავანებე კიდეც, მერე ისევ დავიწყე, თუმცა ახლა დღეში უკვე ერთი კოლოფი მყოფნის. ფასის მომატების გამო არ შემიმცირებია მოხმარების რაოდენობა, უბრალოდ, მე აღარ მინდა მოწევა”,-აღნიშნა ”რეზონანსთან” საუბრისას ეკა მაჩაბელმა.

პირველი მარტიდან გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, რასაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებენ. სულ მცირე, 20 %-ით არის მომატებული არყისა და ლუდის ფასი. ”ლუდი ძალიან მიყვარს, ისეთი სასმელია, მეგობრებთან ერთად უნდა დალიო. ერთ კათხაზე ვერ ვიქნები მთელი დღე, მით უმეტეს, ზაფხულია და ამ სეზონზე ლუდი აქტუალურია. გაზრდილმა ფასმა ჩემს ბიუჯეტზე ძალიან იმოქმედა, რის გამოც პირველი მარტიდან ლუდი არ მიყიდია, რადგან საქმე მხოლოდ ლუდში კი არა, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტშია. თანხა ისე მაქვს გადანაწილებული, რომ ლუდისთვის ფული აღარ მრჩება”, - ამბობს ლევან მესხი.

ფასის მატების მიუხედავად, სიგარეტზე მოთხოვნა შესამჩნევად არ შემცირებულა, როგორც თამბაქოს ჯიხურის მოვაჭრეები ამბობენ, თამბაქოს ისინი ძველებური რაოდენობით ყიდიან. ”შეიძლება ერთი ან ორი კოლოფით ნაკლები გაყიდო, მაგრამ ეს არაა საგანგაშო რაოდენობა. მაგალითად, მე მყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც ფასის გაზრდის მიუხედავად, მათთვის სასურველ სიგარეტს მაინც ყიდულობენ და ის არ ჩაუნაცვლებიათ შედარებით იაფიანი პროდუქტით”, - ამბობს მოვაჭრე მაია გუდაძე.

მომხმარებლის რაღაც ნაწილისთვის სიგარეტზე ფასის ზრდამ ბიუჯეტზე იმოქმედა და თამბაქოს მოხმარება გაანახევრეს. ”რაც სამსახური აღარ მაქვს, მოწევის სიხშირე შევამცირე, თუ ადრე 2 კოლოფს ვეწეოდი, ახლა კოლოფ-ნახევარზე დავედი. 20 თეთრით მომატება დიდი არაფერია, მაგრამ კიდევ თუ გააძვირეს, მალე 1 კოლოფზე ჩამოვალ. ლუდს რაც შეეხება, ისედაც იშვიათად ვსვამ და 1 ლარითაც რომ მოიმატოს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება”, - ამბობს ილია გიგაური.

ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა ფონმა და გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდამ მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვა. ”ისედაც საშინელი ეკონომიკური მდგომარეობა მაქვს. რა ვქნა, მინდა მოწევას თავი დავანებო, მაგრამ 35 წელია ვეწევი და ასე ადვილი არაა. რაც შეეხება ლუდს, ზაფხულია და ხშირად გვინდება ეზოში კაცებს დალევა. მომატებული ფასი ინტენსიურად დალევის საშუალებას აღარ გვაძლევს”, - უთხრა ”რეზონანსს” ლადო დვალიშვილმა.

ნათია ლომიძე

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"