ღომის ღომი - ამერიკული სიმინდის "ქართველი წინაპარი"

ვიდრე კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა, იქიდან XVII საუკუნეში ჩვენთან სიმინდს შემოიტანდნენ და მისგან ღომის მომზადებას შეუდგებოდნენ, ამ კერძის მომზადება და გემო ჩვენში მანამდეც იცოდნენ. საქართველოში ნამდვილი ღომის კულტურა მოჰყავდათ, რომელსაც ახლა ღომის ღომს უწოდებენ.

ღომი ერთწლოვანი კულტურული მცენარეა და ახალაღმოცენებული, სიმინდსაც ჰგავს. მაგრამ 1 მეტრამდე აღწევს და თავთავი მიახლოებით ხორბალს მიუგავს, თუმცა ზომით გაცილებით მეტია.

ჩვენში ღომი სიმინდთან ერთადაც ითესებოდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, სადაც ღომის რამდენიმე ჯიში მოჰყავდათ: ადრეული, საშუალო და საგვიანო ჯიშები, - "შვიდკვირა", "ორმოსავალა" და სხვა, რომლებიც დღესაც დავიწყების პირას დგას. საბედნიეროდ, ბოლო წლებში გამოჩნდა ხალხი, რომელიც ღომის აღორძინებაზეც ზრუნავს.  ოზურგეთში, სოფელ ბახვში სოსო გიგინეიშვილს ოჯახში ღომი გამორჩეულ ადგილას აქვთ დათესილი, - სადაც ის ყოველდღე აივლ-ჩაივლის და ღომს შეათვალიერებს, რათა დარწმუნდეს, რომ მოსავალს არაფერი ემუქრება..

- ღომი ჩემს წინაპრებსაც მოჰყავდათ. სახლის უკან წყალი ჩამოგვიდის, რომელიც სოფელში გაბრიელ ეპისკოპოსმა (გაბრიელ ქიქოძე ჩვენი სოფლიდან იყო) შემოაყვანინა და ამ წყალზე წისქვილი ააგებინა, იქვე ღომის საცეხვი ჩამური ჩაადგმევინა და ოჯახში სტუმრებისთვის ეს უგემრიელესი კერძი მუდამ მზად ჰქონდა. მერე გურია სიმინდმა დაიპყრო და ღომსაც მისგან ვამზადებდით; თუმცა ბავშვობის მეხსიერება გაუხუნარია, გასულ მძიმე წლებში ჩოხატაურში ღომი ვნახე და მისი გემო გამახსენდა, იმ კაცს ღომის თესლი გამოვართვი და ეზოში პატარა ადგილზე დავთესე. პირველივე წელს ძალიან ნაყოფიერად დაისხა, - ღომი ყველაფერს უძლებს­, სიცხესაც და წვიმასაც. ძალიან წვრილი, ყვითელი მარცვლები აქვს, უკვე გამხმარი სწრაფად იფშვნება, დიდი წვალება და დრო არ სჭირდება.

- ანუ უკვე მოწეულ ღომს ხელით ამუშავებთ?

- ჯერჯერობით ჩვენში ღომის კი არა, სხვა, უფრო გავრცელებული მარცვლეულის მექანიზაციაც არ არსებობს. ღომს კი ნამეტანი გაუჭირდა, - ძველ საქართველოში სიმინდის ღომი ვერავის წამოედგინა, მაგრამ მან მალე ნამდვილი ღომი მისწია გვერდით, - სიმინდისგან ხომ მხოლოდ ღომს არ ვხარშავთ, მჭადსაც ვაცხობთ და პირუტყვისთვისაც ყუათიანი საკვებია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ღომზე უფრო სასარგებლო და ყუათიანია; ღომის ღომს რომ შეჭამ, მთელი დღე არ მოგშივდება, სიმინდის ღომს რომ შეჭამ, სამ საათში ისევ მშიერი ხარ! გურიაში ასეთი გამოთქმა არსებობს, - სიმინდის ღომი ჭიშკრამდე მიგყვება, ღომის ღომი კი მზის ჩასვლამდეო... ასე რომ, რაც პირველად დავთესე, იმის შემდეგ ღომისთვის თავი არ გამინებებია.

იხილეთ სრულად