გახდება თუ არა უძრავი ქონების დაზღვევა სავალდებულო

"13 ივნისის სტიქიამ ცხადყო, რომ აუცილებელია უძრავი ქონების დაზღვევა"

საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც უძრავი ქონების სავალდებულო დაზღვევის სისტემის ამოქმედებას გულისხმობს. როგორც bpn-ს დაზღვევის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, სტიქიისგან დაზღვევის პროგრამასა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიზნით, მნიშვნელოვანი წამახალისებელი როლი სწორედ სახელმწიფოს ეკისრება.

"13 ივნისის სტიქიამ ცხადყო, რომ აუცილებელია უძრავი ქონების დაზღვევა, რომელიც მოსალოდნელი კატასტროფული მოვლენების შედეგად დამდგარ ზარალს აანაზღაურებს. ეს კატასტროფული შედეგების პრევენცია კი არ არის, არამედ ზარალის დადგომის შემთხვევაში მოხდეს ანაზღაურება. ჩემი აზრით, ურბანული დაზღვევით უნდა დავიწყოთ. როდესაც სტიქიაზეა საუბარი, სადმე სოფელში მომხდარი სტიქიური უბედურებით გამოწვეულ ზარალს ადგილობრივი ბიუჯეტი და შემოწირულობები გასწვდება, მაგრამ დიდ ქალაქებში ეს გამორიცხულია", - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

მისივე თქმით, განვითარებულ ქვეყნებში 60-70 წელია, რაც სავალდებულო დაზღვევის სისტემა მოქმედებს. თუმცა, არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ სავალდებულო სტატუსის მოხსნის შემთხვევააში, როცა საქმე ჯიბიდან ფულის ამოღებაზე მიდგება, პრიორიტეტი დაბალია.  "ამიტომ სტატუსს - სავალდებულო სადაზღვევო სისტემას ტოვებენ. საქართველო სტიქიური მოვლენებისგან დაცული არ არის, ამიტომ, აუცილებელია ქონების დაზღვევა. სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია, საჭიროა სწორად, მშვიდად, თანმიმდევრობით მოხდეს ამ სისტემის აუცილებლობის გააზრება და ამოქმედება. იქამდე კი, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება. სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, რომ ადამიანს დაუცველობის გრძნობა არ გაუჩნდეს. კარგი ზედამხედველობით, კონფლიქტების მოგვარების გამართული სისტემით, რომ ზარალის ანაზღაურება დროულად მოხდეს. მსგავსი სისტემა უკვე წლებია, რაც განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, დროა ჩვენც დავიწყოთ ამაზე ფიქრი და ეს სისტემა ავამოქმდოთ",  - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა bpn-თან საუბრისას.

სალომე გოგოხია