წითელი ღვინის მოხმარებით ჩინეთი პირველ ადგილზეა

წითელი ფერი ჩინელებისთვის სიმდიდრესთან ასოცირდება

ჩინეთში წითელი ღვინის მოხმარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2,5-ჯერ გაიზარდა და მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. სტატისტიკური ინფორმაციით, შარშან ჩინელებმა 1,87 მილიარდი ბოთლი სასმელი დალიეს, რითაც უკან ჩამოიტოვეს ღვინის სმის ტრადიციული ლიდერები - საფრანგეთი და იტალია.

აღსანიშნავია, რომ წითელი ღვინისგან განსხვავებით, ჩინელები თეთრ ღვინოს ახლოსაც არ ეკარებიან ცრუმორწმუნეობის გამო - მათთვის თეთრი ფერი სიკვდილთან ასოცირდება მაშინ, როცა წითელი - სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოა.

ჩინეთში მოხმარებული ღვინის 80% ქვეყნის შიგნით იწარმოება. მართალია, პირველი ექსპერიმენტული ვენახი ქვეყანაში 15 წლის წინ გააშენეს, თუმცა ჩინეთი დღეს ვენახების ფართობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. თუმცა, განუხრელად იზრდება ღვინის იმპორტი - 2007-დან 2013 წლამდე ჩინეთში უცხოეთიდან შეტანილი ალკოჰოლური სასმელის მოცულობამ შვიდჯერ მოიმატა. ჩინური ბაზრით უკვე ქართველი მეღვინეებიც დაინტერესდნენ: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი საქართველოდან შორეულ აზიაში ოთხჯერ გაიზარდა და 870 ათას ლიტრს მიაღწია (4,7 მილიონ დოლარს), თუმცა საექსპორტო ქვეყნებში ჩინეთს მაინც მეექვსე ადგილი უკავია.

ბელა ნოზაძე