მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილთან ერთად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს ხვდება.

როგორც დანელიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ეს არის პრაქტიკულად შემაჯამებელი შეხვედრა მეღვინეებთან, რომლის დროსაც მოხდება ჩამოყალიბება ურთიერთთანამშრომლობის ფორმატებზე. "ჩვენთვის რთველი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალპრიორიტეტული და გვინდა, რომ გვესმოდეს, თუ როგორი მიდგომებია, რას გავაკეთებთ. ერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო, არის ის, რომ სუბსიდირება გადაწყდა. წელს პრემიერის დავალებით, იქნება სუქსიდირება, ხვალ დილით გვექნება სპეციალური ბრიფინგი, სადაც უკვე კონკრეტულად მოგაწვდით ინფორმაციას ტარიფების ფორმატის, ზოგადად მეთოდოლოგიის შესახებ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ძირითადად ვრცელდება შარშანდელი მიდგომები, თუმცა ასევე არის გარკვეული ცვლილებები, რომლის შესახებაც, დანელიას თქმით, იგი ხვალ გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრებს. რაც შეეხება ყურძნის მოსავალს, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მოსავალი არის ძალიან კარგი და მინიმუმ 30%-ით მეტი, ვიდრე იყო შარშან.  "ეს გამოიწვია ძალიან ბევრმა სხვადასხვა ღონისძიებამ. კერძოდ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელმაც მინიმუმ 32 პრევენცია გააკეთა მიმდინარე წელს. ეს გახლავთ შეღავათიანი აგროკრედიტი, აგროდაზღვევა და ბევრი სხვა კომპლექსური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფომ გაატარა", - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, ხომ არ ელის იგი რუსეთის მხრიდან ემბარგოს, "როსპოტრედნაზორის" მიერ გაკეთებული იმ განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, მათივე წარმომადგენლების თქმით, ქართული ღვინის მწარმოებლები ტექნოლოგიებს გამუდმებით არღვევენ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია. "პირველ რიგში, ხაზი გავუსვათ იმას, რომ რაიმე გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ოფიციალურად ინფორმაცია არ გვაქვს. რა შეფერხებებიც იყო ტვირთთან მიმართებაში, მოხსნილია და ჩვენი ინფორმაციით, ტვირთი ჩვეულებრივად შევიდა და განბაჟდა. ასევე მიმდინარეობს ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში, არაფერი განსაკუთრებული პრინციპში არ მომხდარა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უფრო ინტენსიური იყოს თანამშრომლობა და არანაირ პრობლემას ამ ეტაპზე არ ველოდებით", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას 60-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.