ოთარ დანელის ინფორმაციით, ყურძნის მოსავალი წელს სულ მცირე 30 პროცენტით მეტია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს. როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პრაქტიკულად შემაჯამებელი შეხვედრა მეღვინეებთან, რომლის დროსაც ყალიბდება ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც დანელიამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ხვალისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ძირითადად ვრცელდება შარშანდელი მიდგომები, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები. რაც შეეხება ყურძნის მოსავალს, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მოსავალი არის ძალიან კარგი და სულ მცირე 30%-ით მეტი, ვიდრე იყო შარშან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. "ვაგრძელებთ შეხვედრებს კერძო სექტორთან, ღვინის მწარმოებლებთან. დღეს ჩვენ ამ კომპანიების წარმომადგენლებს რთველთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გავაცანით და მათი შეფასებები მოვისმინეთ", - განაცხადა სამადაშვილმა.

თავის მხრივ, "თელიანი ველის" გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ აღნიშნა, რომ ძირითადი საკითხი, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რთველისთვის მზადება იყო.  "ერთი თვე დარჩა რთველამდე და კომპანიებმა წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა, მთავრობამ თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. მთავრობის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან ისინი ყოველწლიურად გვეხმარებიან. არის ყურძნის სუბსიდირება", - განაცხადა ხობელიამ.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას 60-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.