„როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელი მოსკოვში საქართველოს სოფლის მეურნეობის მრჩეველს შეხვდება

"როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტი მოსკოვში, 13 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს ზურაბ ჩეკურიშვილს შეხვდება.

რუსული უწყების ინფორმაციით, დიალოგის დროს მხარეები ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრა. "ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით, კომუნიკაცია არსებობს და ეს არის ერთ-ერთი შეხვედრა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 4 აგვისტოს შესაბამის უწყებებს იმ ქვეყნების სიის გაფართოებაზე მუშაობა დაავალა, რომლებსაც რუსეთის კონტრსანქციები შეეხებათ.  მედვედევის თქმით, საქმე ეხება ქვეყნებს, რომლებიც ადრე არ უჭერდნენ მხარს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მათზე არ ვრცელდებოდა ერთი წლის წინ რუსეთის მიერ შემოღებული საქნციები.

თუმცა, გასულ კვირას ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციაზე დაწესებული სანქციის 2016 წლის 23 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე, რასაც ზემოაღნიშნული 7 ქვეყანაც უერთდება. 6 მათგანი, საქართველოს გარდა, ასევე მიუერთდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციის 2016 წლის 31 იანვრამდე გაგრძელების თაობაზე.