რუსული ემბარგო საქართველოს 280 მილიონს დააკარგვინებს

„ისეთი ვითარებაა, რომ ექსპორტიდან მიღებულ თითოეულ დოლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება“

2013 წელს საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 6.5% იყო, 2014-ში - 9.6%, 2015 წლის იანვარ-ივნისში- 6.5%.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს მორიგ ემბარგოს დაუწესებს, საქართველოს დაახლოებით 280 მლნ დოლარის საექსპორტო დანაკარგი ექნება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, განსაკუთრებით ეს იმ ცალკეულ კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც მხოლოდ რუსულ ბაზარზე არიან ორიენტირებულნი.

როგორც ცნობილია, მოსკოვმა, ანტირუსულ სანქციებზე მიერთების გამო, საქართველოსა და ევროპის კიდევ 6 ქვეყანას, შესაძლოა, ემბარგო დაუწესოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვში ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს და დასძინეს, რომ ახლა მხოლოდ „ქვეყნების სიის დაზუსტება მიმდინარეობს“. „ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თუკი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები მართლაც შეურთდნენ დაწესებულ სანქციებს, უნდა განხორციელდეს საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირება და შესაბამისი ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს,“- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა და იქვე დააკონკრეტა, რომ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც მანამდე მხარს არ უჭერდნენ ანტირუსულ სანქციებს და, შესაბამისად, რუსეთი მათ მიმართ საპასუხო ზომებს ახორციელებს.

პარალელურად, გასულ კვირას უკვე დაიწუნეს ქართული ალკოჰოლური სასმელები და მეღვინეები „ტექნოლოგიების სისტემატურად დარღვევაში“ დაადანაშაულეს. „როსპოტრებნადზორში“ ირწმუნებიან, რომ პროდუქციის ნაწილი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, მოსკოვი ემბარგოს დაწესებისთვის სერიოზულად ემზადება და ამჯერადაც პირველი პროდუქცია, რასაც რუსეთი „წითელს აუნთებს", ისევ ალკოჰოლური სასმელები იქნება. თუ მოვლენები 2006 წლის ანალოგიურად განვითარდა, მას შემდეგი მიჰყვება ქართული მინერალური წყლები და ყველა ის პროდუქტი, რომელიც რუსულ ბაზარზე შედის.

სტატისტიკური მონაცემებით, მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი საშუალოდ 7 %-ია.

რაც შეეხება მინერალურ წყლებს და ღვინოს, იგი ჩრდილოეთში საკმაოდ დიდი რაოდენობით გადის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ანუ მაშინ, როდესაც რუსული ბაზარი გაიხსნა, რუსეთში მთლიანმა ექსპორტმა 190,390 მლნ დოლარი შეადგინა, ეს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 6.5 % იყო. მაშინ საქართველოდან 56,435 მლნ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიგზავნა. 2014 წელს რუსეთში ექსპორტმა 274,675 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 9% იყო. ღვინის წილმა კი 111,402 მლნ დოლარს მიაღწია. 2015 წლის 6 თვეში ჩრდილოეთისკენ გადაზიდვა მკვეთრად შემცირდა. მაგალითისთვის ღვინის მაჩვენებელიც კმარა. ამ პერიოდში მხოლოდ 18,198 მლნ დოლარის ღვინო გაიგზავნა.

რუსეთში ექსპორტირებულ სასაქონლო ჯგუფში მეორე ადგილი მინერალურ და მტკნარ წყალს უკავია. 2013 წელს სულ ექსპორტზე 33,751 მლნ დოლარის მინერალური წყალი გავიდა, 2014-ში 66,381 მლნ დოლარის, წელს 6 თვეში კი მხოლოდ 17,393 მლნ დოლარის. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა 2006 წლის ანალოგიურად პირველი აკრძალვა ღვინოსა და მინერალურ წყლებზე დააწესა, საქართველოს მთლიანი ექსპორტი დაახლოებით 6,2%-ით შემცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს ექსპორტის მოცულობამ 2,860 მლნ დოლარი შეადგინა, რუსეთში ექსპორტზე კი იმ წელს 177, 793 მლნ დოლარის ღვინო და მინერალური წყალი გავიდა. 2013 წელს ექსპორტის მოცულობამ 2,909 მლრდ დოლარი შეადგინა, რუსეთში კი 90 მლნ დოლარი ღვინო და მინერალური წყალი გაიგზავნა, რაც მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 3%-ს შეადგენდა. რაც შეეხება 2015 წლის 6 თვეს, წელს რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2 კვარტალში ქვეყნიდან რუსეთში 18,1898 მლნ დოლარის ღვინო და 17,393 დოლარის მინერალური წყლების ექსპორტი განხორციელდა. ეს კი მთლიანი ექსპორტის 3,2 %-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 6,5% იყო. იმ წელს საქართველოდან სულ 2,909 მლრდ დოლარის პროდუქცია გავიდა, აქედან რუსეთში 190,390 მლნ დოლარის. 2014 წელს მთლიანმა ექსპორტმა 2,860 მლრდ დოლარი შეადგინა, რუსეთში კი 274,675 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 9,6 %-ს შეადგენდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ ორ კვარტალში ექსპორტმა 1,081 მლრდ დოლარი შეადგინა, რუსეთის წილი კი 6,5 % იყო.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, ყველაზე დიდ დარტყმას ღვინისა და მინერალური წყლების კომპანიები მიიღებენ. მართალია, მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ცალკეული მიმართულებით საკმაოდ დიდია.  „ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის, ხომ არ უკავია ამა თუ იმ სასაქონლო ჯგუფს, რომელიმე ერთი ქვეყნის ექსპორტში 1/3-ზე მეტი. მაგალითად, თუკი რუსეთმა ემბარგო დააწესა, ეს ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტისთვის სეროზული დარტყმის მომტანი იქნება და შესაბამისად, ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება სოფლის მეურნეობის თუ მეღვინეობის დარგების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად გადიოდა ქართული ღვინო ჩინეთსა და ევროპაში, მაინც ტრადიციულად რუსეთს ეკავა საკმაოდ სოლიდური წილი და მისი ამოვარდნა, რა თქმა უნდა, ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. საერთოდ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სხვა მიმართულებითაც, ანუ ექსპორტის დივერსიფიცირებაზე და არა მხოლოდ საქონლის, არამედ მომსახურების ექსპორტზეც. ვგულისხმობ, ღვინის ტურებს, ანუ ისეთი ტურისტული ჯგუფების შემოყვანას, რომელნიც ღვინითა და ღვინის წარმოებით იქნებიან დაინტერესებულნი. მართალია, ეს უფრო მეტ დროსა და კაპიტალდაბანდებას მოითხოვს, მაგრამ ამის გაკეთება კარგი იქნება. არ შეიძლება ექსპორტის დიდი წილი მხოლოდ ერთ ბაზარზე მოდიოდეს“,- დასძინა სოსო არჩვაძემ.

ეკონომისტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის წილი სტატისტიკურად არ არის ისეთი დიდი, რომ ემბარგოს შემთხვევაში რაიმე დრამატულ მოვლენებზე ვისაუბროთ.

„ზოგადად დღეს ფონი და სიტუაცია არის ძალიან მყიფე. ყველა დამატებით დოლარს სავალუტო ბაზრისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შესაბამისად, ეს შეიძლება გახდეს ბოლო წვეთი იმისთვის, რომ სერიოზული ნეგატიური პროცესები დაიწყოს. სიტუაცია მარტივი ისედაც არ არის. ზაფხულია და ახლა ლარის დევალვაცია არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს სავალუტო შემოდინებასთან დაკავშირებით პრობლემებია. შემოდგომაზე კი წნეხი უფრო გაიზრდება. ამიტომ ექსპორტიდან მიღებულ თითოეულ დოლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებულ ვითარებაში ემბარგოს დაწესებამ, შესაძლოა, რთული კატალიზატორის როლი ითამაშოს,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"