"კავკასუს ონლაინი" განცხადებას ავრცელებს

"კავკასუს ონლაინი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "კავკასუს ონლაინი", როგორც ნებისმიერი სხვა პროგრესული და დინამიურად მზარდი კომპანია, მუდმივად ეძებს და განიხილავს გაფართოებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე კომპანიასა და მის პარტნიორებს განზრახული აქვთ მოლაპარაკების წარმოება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებთან, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან.  "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" მიერ კომისიისათვის ერთობლივი შეტყობინების მიმართვის შესახებ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინასწარი თანხმობაა საჭირო იმისათვის, რათა საქართველოში სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებმა განახორციელონ შერწყმა ან აქტივების ნასყიდობა. "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" შერწყმის დასაშვებობისა და მისი შედეგების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციის წინასწარ გაგება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ "კავკასუს ონლაინმა" და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ "სილქნეტთან" მოლაპარაკებების დაწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ცნობისათვის, "კავკასუს ონლაინსა" და "სილქნეტს" შორის არ არის გაფორმებული იურიდიული ძალის მქონე რაიმე შეთანხმება შერწყმასა თუ აქტივების ნასყიდობასთან დაკავშირებით.

დამატებით მოგახსენებთ, რომ უახლოეს დღეებში, "კავკასუს ონლაინი" არ გამორიცხავს სხვა ადგილობრივ ოპერატორებთან ერთად მიმართოს კომისიას, ერთობლივი საქმიანობის წარმოებისა თუ აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე კომისიის პოზიციის გაგების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კომისიაში განსახილველად შეტანილია ანალოგიური წერილი შპს "მაგთიკომთან" დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე პროცესები სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარების პროცესში ბუნებრივია. დამატებით ინფორმაციას "კავკასუს ონლაინი" გაასაჯაროვებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აწარმოებს მოლაპარაკებას ყველა შესაძლო პარტნიორთან და მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას კომპანიისთვის ხელსაყრელი ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.