შემოსავლების სამსახური სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ევროპის სუპერთასის საკუთარი ბილეთების გაყიდვის საშუალება არ მისცეს, მეტიც, აღნიშნული ბილეთების კონფისკაცია მოახდინეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"შემოსავლების სამსახურის არც ერთი თანამშრომელი ამგვარ ქმედებაში ჩართული არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონმდებლობა საკუთარი ბილეთ(ებ)ის რეალიზაციის დაბეგვრას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, გამოქვეყნებულ სტატიაში შემოსავლების სამსახურის, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მოხსენებულები არიან უცენზურო ეპითეტით. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, ასევე სტატიის სათაური - "საგადასახადომ მოქალაქეებს სუპერთასის ბილეთები გაყიდვისას წაართვა", სიცრუეა და კანონაღმასრულებელი სტრუქტურის დისკრედიტაციას ემსახურება", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.