რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა

აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მორიგი სანქციები ძალაში შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობის გაზეთში გამოქვეყნდა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების გაფართოებული სია, რომელთა წინააღმდეგაც სექტორული სანქციები ამოქმედდა.

სანქციების მიხედვით, სიაში მოხვდა შვიდი ფიზიკური პირი და ექვსი კომპანია, რომლებმაც ამ დრომდე დაწესებული სანქციები თავიდან აირიდეს, ასევე ორი რუსული კომპანია, რომელთა საქმიანობა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული, ოთხი ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც სახელმწიფო ქონების მოპარვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში არიან ბრალდებულები, ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის კომპანია МАКО, ყირიმის პორტების ხუთი ოპერატორი და კიდევ 35 კომპანია.

აშშ-მა ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი ეკონომიკური სანქცია დააწესა. დაწესდა არაერთი შეზღუდვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაც. სანქციების დაწესება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და დონბასში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება.