ავეჯის რეალიზაცია  შემცირდა

ლარის კურსის ცვლილებისა და ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ადამიანებს აღარ რჩებათ საკმარისი თანხა ნაკლებად საჭირო საგნების შესაძენად. დიდი სურვილის მიუხედავად, მომხმარებელს ბევრ რამეზე, მათ შორის ავეჯის შეძენაზე უწევს უარის თქმა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ავეჯის უამრავი მაღაზია არსებობს და ნებისმიერი ადამიანის გემოვნების დაკმაყოფილება პრობლემას არ წარმოადგენს, ავეჯის მაღაზიების მფლობელები რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ამ სფეროში გაყიდვები თითქმის 70 პროცენტით არის შემცირებული. რეალიზაციის შემცირებას ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ პირობებს უკავშირებენ.

"მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ავეჯის დათვალიერების სურვილიც კი დაკარგა. ასეთი რთული სიტუაცია არ მახსოვს, ავეჯის ბიზნესს რთული დრო უდგას. ყველა სფეროში შემცირდა გაყიდვები. ხალხს ისე გაუჭირდა, მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებს ყიდულობს, ზოგიერთმა მაღაზიამ ქირის გადახდა ვეღარ შეძლო და დაიხურა", - აცხადებენ ავეჯის მაღაზიებში.

ავეჯის მწარმოებელთა განცხადებით, დოლარის კურსის გამყარების გამო, იძულებული გახდნენ ფასები 10 პროცენტით, დაახლოებით 20-25 ლარით გაეზარდათ. "რა თქმა უნდა, კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თუ ლარი დასტაბილურდება, ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდება", - ამბობენ ავეჯის მწარმოებლები.

ავეჯზე მოთხოვნის შემცირებამ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც პრობლემები შეუქმნა. "შვიდი წელია, რაც "საბაში" ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ყოველდღიურად 2-3 ავეჯის აწყობა მაინც მიწევდა. ერთი ნივთის აწყობაში 50 ლარს მიხდიან. ბოლო რამდენიმე თვეა, გაყიდვები კატასტროფულად შემცირდა, სამუშაო თითქმის აღარ მაქვს", - განაცხადა სოსო ნატროშვილმა.

თიკო გურაშვილი