სამაჯური, რომელიც დახრჩობისგან გიხსნით

ამერიკულმა კომპანია Kingii-მ ამავე სახელწოდების კომპაქტური, გასაბერი სამაჯური შექმნა, რომელიც ადამიანებს წყალში დახრჩობისგან იხსნის. ერთი შეხედვით, სამაჯური დაახლოებით იგივენაირად მუშაობს, როგორც ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები, თუმცა სამაჯურის გააქტიურება არა ხმელეთზე რაიმესთან შეჯახების შედეგად, არამედ წყალში ყოფნის დროს ხდება.

„სამწუხაროდ,Kingii-ს გუნდმა მაშველი სამაჯურის შექმნა საკუთარი მწარე გამოცდილების შედეგად გადაწყვიტა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი რამდენიმე თვის წინ ტბაზე დაიხრჩო. გვინდა, რომ ჩვენს მიერ შექმნილი გაჯეტის მეშვეობით გადავარჩინოთ ადამიანები, როცა ეს მართლაც შესაძლებელია“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ტომ აგაპიადესმა.

Kingii - ეს არის კომპაქტური, მსუბუქი და კომფორტული გაჯეტი, რომელიც ხელს არ შეგიშლით ცურვაში. მისი გამოყენება მოსახერხებელია როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. გაჯეტს, რომელიც მხოლოდ 139 გრამს იწონის, კომპლექტში ორი ცვლადი ბალონი მოჰყვება. ბალონები ჰაერით მომენტალურად ავსებენ პატარა ბალიშს, რომელსაც წყლის ზედაპირზე 125 კგ-მდე ადამიანის ამოყვანა შეუძლია. სამაჯურის გასააქტიურებლად მხოლოდ ლითონის სახელურის გამოწევაა საკმარისი. ბალიში გაბერილ მდგომარეობაში 48 საათის განმავლობაში რჩება. აღსანიშნავია, რომ Kingii ერთჯერადი მოწყობილობა არ არის. თუ ბალონი გაზისგან დაიცლა (ამის შესახებ კი ხელზე მიმაგრებული მექანიკური მოწყობილობა შეგატყობინებთ), მისი დატენვა შეგიძლიათ. კომპლექტში ასევე არის სასტვენი, რომლითაც შეგიძლიათ მაშველებს ხმა მიაწვდინოთ. გაჯეტი ასევე აღჭურვილია მინიატურული კომპასით იმის დასადგენად, თუ რომელ მხარეს მდებარეობს ნაპირი.

ამერიკასა და ევროპაში გაჯეტი გაყიდვაში სავარაუდოდ, მიმდინარე თვიდან გამოვა და 69 დოლარი ეღირება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით, წყალში 372 ათასი ადამიანი იხრჩობა.