თამაზ მეჭიაური: არანაირი ნიშანი, რომ მთავრობა შეგნებულად ცდილობდეს ლარის კურსის გაუფასურებას, არ არსებობს

არანაირი ნიშანი იმისა, რომ მთავრობა შეგნებულად ცდილობდეს ლარის კურსის გაუფასურებას, არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში მყარდება.

"ლარი, ეს ის თემაა, რომელზეც მუშაობს დღევანდელი ოპოზიცია, რომ სხვადასხვა მიმართულებით შექმნას მოსახლეობის უკმაყოფილება - ლარის გაუფასურება, ემბარგოს პროვოცირება; ლტოლვილების წაქეზება; ბევრ მათგანს ბინა უკვე გადაეცა, მაგრამ აქტიური ფორმით გამოხატავს უკმაყოფილებას ხელისუფლების წინააღმდეგ; ასევე, დენის ტარიფების წინ წამოწევა და ყველა ამ უკმაყოფილო ჯგუფების ბოლოს შეერთება სექტემბრისთვის და ამის მართვა პოლიტიკურად ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი. ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. ზოგიერთი ამას ძალიან მარტივად უყურებს", - აცხადებს მეჭიაური.

მისივე თქმით, ქვეყანაში იზრდება ტურისტული ნაკადი, თუმცა საბერძნეთის კრიზისმა საქართველოზეც მოახდინა გავლენა და შემცირდა გზავნილები.  "ექსპორტი გაზრდილია წინა თვეებთან შედარებით, ამას დაემატა ოლიმპიური თამაშები, რომელმაც უამრავი ტურისტი მოიზიდა. ამას ემატება დღევანდელი მატჩი, რომელიც რამდენიმე ათეულ ათას ტურისტს გულისხმობს, ყოველივე ამ ფონზე მინიმუმ არ უნდა მომხდარიყო ლარის კურსის კიდევ უფრო გაუარესება. ბოლო დღეების მანძილზე თითქმის თითო პუნქტით იცვლებოდა ლარის კურსი, გუშინ შეჩერდა და დღეს მგონია, რომ გამყარებისკენ უნდა წავიდეს. ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა თავისი უმოქმედობით დევალვაციას, მე მაქვს სუბიექტური აზრი და მივიჩნევ, რომ იგივეს აკეთებს ახლაც ეროვნული ბანკი. მინდა ვისარგებლო მომენტით და მოვუწოდო ყველა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ჩართულები არიან ამაში - ყოველივე ამას ძალიან მალე შევისწავლით. არანაირი ნიშანი იმისა, რომ მთავრობა შეგნებულად ცდილობდეს ლარის კურსის გაუფასურებას, არ არსებობს", - განაცხადა მეჭიაურმა.