"სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" გაერთიანების საფრთხე

"იქმნება უზარმაზარი მონოპოლიური მონსტრი, რომელიც მომხმარებელს თავის პირობებს უკარნახებს" დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც ამ ორი კომპანიის შერწყმის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ იმსჯელებენ. სწორედ მარეგულირებლის თანხმობაა საჭირო იმისათვის, რომ კომპანიები გაერთიანდნენ. თუ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შერწყმის საკითხი დადებითად გადაწყდა, როგორ აისახება ეს ინტერნეტ-მომხმარებელზე და მოსალოდნელი არის თუ არა ფასების მატება? როგორც AMBEBI.GE-ს "სილქნეტის" პრესსამსახურში განუცხადეს, ამაზე ჯერ საუბარი არ არის.

"ეს არის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც შევიდა მარეგულირებელში, დღეს უნდა იმსჯელოს კომისიამ ამის თაობაზე. ამიტომაც ჩვენ ცალმხრივად განმარტებას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადეს "სილქნეტის" პრესსამსახურში. ხოლო "კავკასუს ონლაინის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "კავკასუს ონლაინისა და სილქნეტის შერწყმის დასაშვებობისა და მისი შედეგების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციის წინასწარ გაგება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კავკასუს ონლაინმა და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ სილქნეტთან მოლაპარაკებების დაწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".

ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას თქმით, "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" გაერთიანება მომავალში სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. კერძოდ, ამ დრომდე მომხმარებელს ჰქონდა არჩევანის შესაძლებლობა. მომავალში კი არსებობს საშიშროება, რომ არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ იქნება.  "ეს არის ორი ძლიერი კომპანია ბაზარზე, რომელიც ქმნიდა საკმაოდ სერიოზულ კონკურენტულ გარემოს და რომელიც აიძულებდა ამ სფეროს განვითარებულიყო, დღეს კი ისინი ერთიანდებიან. ეს არის საშიში მომხმარებლისთვის. იქმნება უზარმაზარი მონოპოლიური მონსტრი, რომელიც მომხმარებელს თავის პირობებს უკარნახებს. საქართველოში მონოპოლიები ძალიან მომრავლდა. ეს კი იყო ერთადერთი დარგი, სადაც ორი ძალა ერთმანეთს უპირისპირდებოდა, მომხმარებელი მეტნაკლებად დაცული იყო", - ფიქრობს ემზარ ჯგერენაია.

მისივე თქმით, საეჭვოა ის ფაქტი, თუ ვინ შემოდის ბაზარზე ამ ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად: "მე არ ვიცი, თუ ვინ არის "კავკასუს ონლაინის" მეპატრონე. სერიოზული ეჭვი არის, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და ამით მალავენ საკუთარ კვალს. ინტერნეტი არის მომავლის ტელევიზია, მომავლის იდეოლოგია, მომავლის არჩევნები. ამიტომაც ჩემი აზრით, ეს არის ნათლად პოლიტიკური თემა. იმ შემთხვევაშიც კი თუ დღევანდელი ხელისუფლება არის საქმის კურსში, ხომ არ გვემუქრება პოლიტიკური მონოპოლიზმი. რა იმალება ფარდის უკან? ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო".

"სილქნეტმა" და "კავკასუს ონლაინმა" რამდენიმე თვის წინ ერთობლივად გაზარდეს ფასები. ამის მიზეზად ერთი მხრივ, ლარის დევალვაცია და ბაზარზე შექმნილი ეკონომიკური ვითარება დასახელდა. გაძვირდება თუ არა ისევ ინტერნეტი, ეს მას შემდეგ გაირკევევა, რაც აღნიშნული ორი კომპანია გაერთიანდება. ჯერჯერობით როგორც "კავკასუს ონლაინის" პრესსამსახურში აცხადებენ, "სილქნეტსა" და "კავკასუს ონლაინს" შორის შერწყმის და აქტივების ნასყიდობასთან დაკავშირებით იურიდიული ძალის მქონე რაიმე შეთანხმება გაფორმებული არ არის.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE