2016 წელს მომხმარებლები ვიდეორეკლამების ნახვას დღეში ერთ საათს დაუთმობენ

მომავალი წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები დღეში საშუალოდ ერთ საათს დაუთმობენ ონლაინ ვიდეორეკლამის ნახვას და ამ ნახვების უმრავლესობა მობილური მოწყობილობიდან განხორციელდება.

კვლევითი კომპანია ZenithOptimedia-ს პროგნოზით, დროის საშუალო რაოდენობა, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად ონლაინ ვიდეორეკლამის ნახვაზე ხარჯავს, მიმდინარე წელს  23,3%-ით, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ 19,8%-ით გაიზრდება. როგორც ZenithOptimedia-ში აცხადებენ, მომავალ წელს ვიდეორეკლამის ნახვების ნახევარზე მეტი - 52,7% მობილური მოწყობილობებიდან განხორციელდება, 2016 წელს კი ეს ციფრი 58,1%-ს მიაღწევს.

რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, ZenithOptimedia-ს ცნობით, მიმდინარე წელს სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯები ზრდას განაგრძობს და კვლავ სარეკლამო ბაზრის ლიდერი ქნება, თუმცა მომავალი წლიდან სატელევიზიო რეკლამის მნახველთა რიცხვი 1,9%-ით შემცირდება.

ინტერნეტრეკლამის ყველაზე სწრაფად მზარდ კატეგორიად კვლავ რჩება ონლაინ ვიდეორეკლამა. ZenithOptimedia-ის პროგნოზით, წელს ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯების ზრდა 28,9% იქნება და 16,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2016 წელს კი მსოფლიოში სარეკლამო დანახარჯების ერთი მერვედი ონლაინ ვიდეორეკლამაზე მოვა.

„ბრენდებმა უკვე აღიარეს ონლაინ ვიდეორეკლამა სამიზნე აუდიტორიასთან მისასვლელ ყველაზე ეფექტურ მეთოდად და არა მხოლოდ რეკლამის მეშვეობით, არამედ ბრენდირებული კონტენტით. მომხმარებელს მოსწონს კონტენტი, რომელიც აწვდის მას ინფორმაციას და ამავდროულად, ახალისებს მათ უფრო მეტად, ვიდრე სტანდარტული რგოლები“, - აღნიშნა ZenithOptimedia-ს წარმომადგენელმა მარკ ვოგმა.

ZenithOptimedia-მ მონაცემები მსოფლიოს 40 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოაქვეყნა.