"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი სუზანა მონხე ი გუტიერესი და სხვა ოფიციალური პირები ესტუმრნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი პარალელურად ესპანური ჰოლდინგის (GRUPO ESENTIUM) გენერალური მენეჯერია. სწორედ აღნიშნულ ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანია ASSIGNIA KOBRA ახორციელებს მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობას თბილისში.

შეხვედრაზე საუბარი აღნიშნულ პროექტს შეეხო, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. მეტროსადგური "უნივერსიტეტი", რომლის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში. ის თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად განტვირთავს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადებს და ხელს შეუწყობს ურბანული ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა ასევე ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. კომპანია "კობრა" ერთ-ერთი უმსხვილესი ესპანური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღნიშნული კომპანია უკვე არაერთი წელია მოღვაწეობს საქართველოში.