გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომის შემდეგ, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს, რომელზეც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 1 ივლისს გამართა, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 5.00%-დან 5.50%-მდე გაიზარდა.

როგორც ეროვნულ ბანკში მაშინ განაცხადეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები. არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტამდე. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემდეგ, მასზე მიბმული, ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 7663 ადამიანს გაუძვირდა.