ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება

"არავითარი საფეხურეობრივი ტარიფი არ უნდა იყოს. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე და ის უნდა გამოსწორდეს"

1 აგვისტოდან რეგიონებში 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის ფასი 3,95 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე მიიღო. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ტარიფის კორექტირების შესახებ განცხადების წარდგენა ლარის კურსის ვარდნითა და გაზრდილი დანახარჯებით ახსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას სხვებმაც მიბაძეს და განცხადება ტარიფის გაზრდის შესახებ "თელასმა" და "კახეთის სადისტრიბუციო კომპანიამაც" შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით, ხელისუფლება სუბსიდიების გამოყოფას გეგმავს, ტარიფის გაზრდის გამო მოსახლეობაში უკმაყოფილება აშკარად იგრძნობა.

რამდენად აუცილებელია ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა? გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია თბილისში? - ეს კითხვები დღეს უამრავ ოჯახს აწუხებს. სწორედ ამ საკითხზე bpn ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ ანზორ ჭითანავას ესაუბრა.

- ელექტროენერგიის ტარიფის რეგულირების საკითხი მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია. თუ ბოლო წლებს გადავხედავთ, ტარიფებს ყველა ქვეყანაში ზრდის ტენდენცია ახასიათებს. ეს გამოწვეულია იმ სირთულეებით, რომელიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის მოპოვებასთან, წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, განაწილებასა და მოხმარებასთან. ამ პროცესებს თავისი დანახარჯი აქვს, თუმცა, როგორც წესი, ყველა ქვეყანა ცდილობს ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის ხელმისწავდომი იყოს. ელექტროენერგია ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ამიტომ დღეს მისი წარმოება ყველგან იზრდება. იზრდება ჩვენთან, საქართველოშიც, მაგრამ უმნიშვნელოდ და ვერ პასუხობს იმ ამოცანებს, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის არის საჭირო. ამიტომ, ტარიფების ნებისმიერი ზრდა, ეს იქნება გაზზე, ელექტროენერგიაზე, საწვავზე, თუ სხვა პროდუქციაზე, ყოველთვის მტკივნეულად აღიქმება, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მხრივ ერთ-ერთი ჩამორჩენილია. თუ მაგალითად, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ელექტროენერგიის წარმოება ჩვენზე ნაკლებია, სამაგიეროდ, იქ მშპ ერთ მოსახლეზე ჩვენთან შედარებით მეტია ანუ იქაური მოქალაქე უფრო მდიდარია, ვიდრე საქართველოში მცხოვრები. აქედან გამომდინარე, ტარიფის მომატება ყოველთვის მტკივნეულია მოსახლეობისთვის.

- ბატონო ანზორ, რის გამო გახდა აუცილებელი ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება ამ ეტაპზე?

- მთავარ მიზეზებს შორის უნდა დავასახელოთ დოლარის გამყარება და ლარის დევალვაცია, ჩვენი ეკონომიკის უკუსვლა და მთელი რიგი ფაქტორები, რამაც ელექტროენერგიის ტარიფის მომატება განაპირობა. თუ ამ ყველაფერს დავაკვირდებით და გავითვალისწინებთ, დისტრიბუციას და გამანაწილებელ კომპანიებს ნამდვილად ჰქონდათ საფუძველი, რომ ტარიფის გაზრდის საკითხი დაეყენებინათ. სულ სხვა საკითხია, რამდენად სწორად და ზუსტად შეაფასა სიტუაცია "სემეკმა" და რამდენად მოახერხა იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომლის დროსაც არც მომხმარებელი ზარალდება და არც - მწარმოებელი. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ "სემეკი" კი არა, საერთოდ ვერავინ შეძლებს, რომ საქართველოში მომხმარებელი არ დაზარალდეს. რატომ? - იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში გადახდისუუნაროა და გაზრდილი ტარიფების გასტუმრების საშუალება არა აქვს.

- ესე იგი, თქვენი აზრით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აუცილებლობით არის ნაკარნახევი?

- მიმაჩნია, რომ ტარიფის გაზრდა ობიექტური აუცილებლობით იყო და არის გამოწვეული, მაგრამ რამდენით უნდა გაზრდილიყო, ეს სულ სხვა საქმეა. ჩემი აზრით, "სემეკს" უნდა გაეთვალისწინებინა ის ვალდებულებები, რომლებიც "ენერგო პრო ჯორჯიას" უნდა შეესრულებინა და არ შეასრულა: თუნდაც ახალი სიმძლავრეების შექმნა, ან გამრიცხველიანება... მიუხედავად ამისა, ყველაფერი ტარიფში იყო ჩადებული და მისი საფასური კომპანიამ მოსახლეობისგან აიღო. ამ ნიუანსის გათვალისწინება ალბათ სასურველი იქნებოდა.

- ფაქტია, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ელექტროენერგიის გაძვირებით.

- მომხმარებელი არასოდეს იქნება კმაყოფილი და სწორედ ამიტომ, მთავრობის მიერ კომპენსაციის გაცემა ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ესეც დროებითი გამოსავალია. ეს არ არის გზა, რომელიც მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესებს დააბალანსებს და პრობლემებს მოაგვარებს. მთავარი ეკონომიკის წინსვლა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდაა. ამიტომ, მთავრობამ კომპენსაციის გაცემა დროებით ღონისძიებად უნდა განიხილოს. სხვათა შორის, მე ეს საფეხურეობრივი ტარიფიც დიდ შეცდომად მიმაჩნია. არავითარი საფეხურეობრივი ტარიფი არ უნდა იყოს. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე და ის უნდა გამოსწორდეს: მე დამეხმარებიან, თუ თქვენ, ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ტარიფი კი, ყველასთვის ერთი უნდა იყოს.

- განაცხადი ტარიფის გაზრდის შესახებ "თელასმაც" შეიტანა. როგორ ფიქრობთ, ელექტროენერგია თბილისშიც გაძვირდება?

- "თელასის" საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ამ განხილვაში მეც ვმონაწილეობ. ვიდრე ყველა კომპონენტს არ განვიხილავთ, არ შევაჯერებთ და დავაბალანსებთ, მანამ ტარიფის გაზრდა ვერ მოხერხდება. ბუნებრივია, ტარიფი თბილისშიც გაიზრდება, იმიტომ, რომ გაზი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს, თბილისშიც ისევე ნაწილდება, როგორც რეგიონებში. რეგიონების და დედაქალაქის მომარაგება იზოლირებულად რომ ხდებოდეს, მაშინ შეიძლება არ გაზრდილიყო. სხვათა შორის, ისიც არ არის სწორი, რომ ტარიფი განსხვავებულია სოფლად და ქალაქად.

- ბატონო ანზორ, ზოგიერთი ენერგეტიკოსი და ექსპერტი ამტკიცებს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

- ჩვენ ძალიან მაღალ მატერიებზე მოსაუბრე ექსპერტები გვყავს, რომლებიც ბევრ რამეს ამტკიცებენ, მაგრამ ეს ხალხის დაბნევას იწვევს. არ უნდა თქვა ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და ვერ მოხერხდება. ყველა საკითხს დროში და ვითარებაში გადაწყვეტა სჭირდება. ამჯერად ტარიფის გაზრდის საკითხი ობიექტურად დადგა. მეც გეთანხმებით, რომ საქართველოში ტარიფები მაღალია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის გადახდისუნარიანობაა დაბალი. მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის საფასური 50-52 ცენტია, მაგრამ მოსახლეობა ამ თანხას თავისუფლად იხდის იმიტომ, რომ არ უჭირს. ენერგეტიკის საშენი მასალა არის ტარიფი, სწორედ ამ მასალით შენდება ენერგეტიკა, ამიტომ, არაკომპეტენტურად მიმაჩნია ის ხალხი, ვინც ტარიფების შემცირებაზე ხელაღებით საუბრობს და ცდილობს, ისედაც გაღიზიანებული ხალხი კიდევ უფრო გააღიზიანოს. მოდით, ამგვარი საკითხების გადაჭრა იმ ხალხს მივანდოთ, ვისაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს და რაღაც გაუკეთებია. მომხმარებელი იჩაგრება იმიტომ, რომ ის ღარიბ-ღატაკია და ამ თანხის გადახდა უჭირს, თორემ ნორვეგიაში, მაგალითად, ტარიფი 38-40 ცენტამდე ადის. ეს არის ქვეყანა, რომელსაც 100 პროცენტით აქვს გამოყენებული თავისი ჰიდრორესურსები, მაგრამ ელექტროენერგია იქაც ვერ იაფდება. მიუხედავად ამისა, ნორვეგიელები ძალიან კარგად ცხოვრობენ იმიტომ, რომ მათი შემოსავალი ამის საშუალებას იძლევა.

ხათუნა ჩიგოგიძე