ლარის გაუფასურების შიშით ბიუჯეტიდან ფული ვერ იხარჯება

წლის ბოლოსთვის ხაზინაში რეკორდული ნაშთი - 1,140 მლრდ დარჩება

ხაზინაში თავისუფალი ნაშთის რეკორდული რაოდენობაა. ფინანსთა სამინისტროს ამ დროისთვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე 835 მილიონი ლარი აქვს მობილიზებული და ეს თანხა წლის ბოლოსთვის 1,140 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. დიდი ოდენობით ნაშთის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსზე ფისკალური ზეწოლა არ ხდება. ეკონომისტები სამინისტროს ურჩევენ, ფული დეპოზიტების სახით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში გადაამისამართოს და აქედან სარგებელი მიიღოს.

2015 წლის პირველ იანვარს ხაზინის ანგარიშზე 431 მილიონი ლარის თავისუფალი ფული იყო. დღეის მდგომარეობით კი თავისუფალი ნაშთის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს- 834 მილიონ ლარს მიაღწია. სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი რეკორდი წლის ბოლოს დამყარდება, როდესაც გამოუყენებელი ფულის მაჩვენებელი 1,140 მილიარდ ლარს მიაღწევს, ანუ შარშანდელი წლის მაჩვენებლს 700 მილიონი ლარით გადააჭარბებს. ბოლოს ხაზინის ანგარიშზე ყველაზე დიდი ოდენობის თავისუფალი ნაშთი 2008 წელს იყო - 753 მილიონი ლარი.

ეკონომისტ მიხეილ დუნდუას განცხადებით, ასეთი დიდი რაოდენობის ნაშთი მიუთითებს იმას, რომ არსებულ სიტუაციაში ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებიდან თანხა მიღებული აქვს, რომელსაც არ უშვებს მიმოქცევაში. ეს ნიშნავს, რომ ლარზე ფისკალური ზეწოლა არ ხორციელდება“,- ამბობს დუნდუა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა არ გამორიცხავს, რომ თავისუფალი ფულის დაგროვების მიზანი ლარზე ზეწოლის შემცირება იყოს, თუმცა დასძენს რომ ამ კუთხით მსჯელობა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ეს არ არის ბიუჯეტის კანონში გაწერილი თანხა. „თავისუფალი ნაშთის გაზრდის პროცესში მთავრობის წვლილი ნაკლებია.. სახელმწიფო ბუჯეტის ნაშთი იმდენად საგანგაშო არ არის, როგორც დაუხარჯავი ფული.. ეს არ არის აუთვისებელი ფული, თუმცა არის თანხა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო სარგებლის მისაღებად არ მიმართავს“,- განმარტავს კუკავა და დასძენს, რომ განვითარებული ქვეყნები თავისუფალ ნაშთს სარგებლიანად იყენებენ.

მისი განცხადებით, ორგანიზაციამ ჯერ კიდევ წინა მთავრობას მიმართა და ურჩია, რომ თავისუფალი ფული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში დეპოზიტების ხაზით განეთავსებინა და პროცენტიდან შემოსავალი მიეღო. ჯერჯერობით ეს ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გარისკა. მიხეილ კუკავას აზრით, არ არის აუცილებელი მაღალრეიტინგული ფინანსური ინსტიტუტების შერჩევა. შეიძლება ეს იყოს შედარებით ნაკლებად რეიტინგული, მაგრამ მთავრობას ამ ფულის უკან დაბრუნების მექანიზმები მაინც გააჩნია.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ წლის განმავლობაში შემოსულობების მობილიზება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სამინისტროს ინფორმაციით, 834 მილიონი ლარის თავისუფალი ნაშთი მოიცავს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების, სსიპ-ების და სავალუტო ანგარიშებზე რიცხულ სახსრებს. ხადურის უწყების ინფორმაციით, წლის ბოლოსათვის დეპოზიტებზე არსებული ნაშთი გადააჭარბებს 1,140 მილიარდ ლარს.

„ზოგიერთი შემოსულობა ერთჯერადი ხასიათისაა. დონორებიდან მისაღები საბიუჯეტო დახმარების თანხა დამოკიდებულია დონორების შემფასებელი მისიების მიერ რეფორმების მატრიცით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების დადებით შეფასებასა და პროცედურებზე, საინვესტიციო ხასიათის დაფინანსება კი სამუშაოების შესრულებასა და დონორთა პროცედურებზე“,- აღნიშნავენ სამინისტროში და დასძენენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილსაც თავისი სპეციფიკა აქვს, ზოგიერთი ხარჯი რეგულარული ხასიათისაა, ზოგი კი დამოკიდებულია შესყიდვების პროცედურებზე, ზოგიერთი სეზონურია და ა.შ.. „აქედან გამომდინარე, წლის ზოგიერთ პერიოდში შემოსულობები აჭარბებს გადასახდელებს და დეპოზიტზე ხდება ნაშთის დაგროვება. ზოგიერთ პერიოდში კი, პირიქით, გადასახდელები აღემატება იმავე პერიოდში მიღებულ შემოსულობებს და ამ სხვაობას აბალანსებს წინა პერიოდში მიღებული შემოსულობებიდან ანგარიშზე დაგროვებული ნაშთი“,- განაცხადეს სამინისტროში.

ფინანსთა სამინისტროში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ წლის ბოლოსთვის ანგარიშზე დაგროვებული ნაშთი ერთგვარი ბალიშია მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას და მისი გამოყენება შესაძლებელია გადასახდელების დასაფინანსებლად.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“