ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორის ველის ინფრასტრუქტურის განახლების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორის ველის ინფრასტრუქტურის განახლების და სათანადო პროექტირების დაწყების ინიციატივით გამოდის.

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი დავალება ინფრასტრუქტურის მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს მისცა. პრემიერი ასევე მიმართავს განათლების მინისტრს, დაევალოს სკოლის დირექტორებს, მოსწავლეების დიდგორის ველზე ჩამოყვანა და მისი ჩვენება.  აღნიშნული ინიციატივების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"დიდგორობა ჩვენი საამაყო დღე და დღესასწაულია. ჩვენი ვალია, ყოველ წელს აქ მოვიდეს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მოსახლეობა და ეს დღე ვიზეიმოთ. მინდა ორი ინიციატივის შესახებ განგიცხადოთ: აქ განსაახლებელია ინფრასტრუქტურა, მინდა ნოდარ ჯავახიშვილს დავავალო, გუბერნატორს უკვე დავავალე, რომ დავიწყოთ პროექტირება. გვინდა, გაისად განახლებული მოედანი იყოს და ყველაფერი ისე მოეწყოს, როგორც ჩვენ დიდ მეფეს ეკადრება. კიდევ ერთი ინიციატივა არის ის, რომ მინდა განათლების მინისტრს მივცე დავალება, რომ ყოველწლიურად ყველა სკოლის დირექტორს დაევალოს ბავშვების აქ ჩამოყვანა და დიდგორის ველის ჩვენება. ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.