სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები CIP -ს დირექტორს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე "კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის" (CIP) დირექტორს, ჟულიენ პარსა და, მშრალ ზონებში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" (ICARDA) რეგიონულ წარმომადგენელს, ჯოზეფ ტუროკს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს" შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.  უწყების ინფორმაციით, ორგანიზაცია CIP-ის საქმიანობის მთავარ სფეროს მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევის მიზნით, სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტაციების გაწევა და მეკარტოფილეობის დარგის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვეს. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის შემოტანის და სასწავლო-საკონსულტაციო პროგრამების ხელშეწყობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზა, ასევე სამეცნიერო ცენტრის წილკნის ბაზაზე არსებული სადემონსტრაციო ნაკვეთები და ლაბორატორია დაათვალიერეს.