რამდენით გაიზარდა სამომხმარებლო ხარჯები წინა წელთან შედარებით

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასმა 4.9 პროცენტით მოიმატა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტრანსპორტის გარდა, ყველა პროდუქციისა და მომსახურების ფასი გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე იქონია:

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, რომელთა ფასი 7.1 პროცენტით გაიზარდა, ასევე ჯანდაცვის სფეროზე, რომლის ფასებმაც 7,3 პროცენტით იმატა და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, რომელზეც 11,7-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.  2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისამდე ყველაზე მეტად ფასებმა ხილსა და ყურძენზე მოიმატა (31,7 პროცენტით), ასევე სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (16,6 პროცენტით).

AMBEBI.GE-სთან საუბრისას ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდა, ეს ნებისმიერი მოქალაქისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

"ნებისმიერი მოქალაქისთვის, იქნება ეს დაბალ, საშუალო თუ მაღალშემოსავლიანი მოქალაქე, ზოგადად ინფლაციის მაღალი ტემპი ბუნებრივია ნიშნავს კეთილდღეობის გაუარესებას. 4,9 პროცენტი არ არის მაღალი მაჩვენებლი. მაღალი მაჩვენებელი არის ორნიშნა ციფრი, თუმცა, თავისთავად ინფლაციის ფაქტი არის არასასურველი. არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე ფასების დონემ კიდევ მოიმატოს, ვინაიდან ტარიფები საწვავზე და ენერგომატარებლებზე ძვირდება", - აღნიშნა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.

მისივე თქმით, ფასების მატება პროდუქციასა და მომსახურებაზე რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული:

"ფასების მატება ლარის დევალვაციამ, იმპორტის გაძვირებამ გამოიწვია. ჩვენი სავაჭრო ბალანსი არის მკვეთრად უარყოფითი და მაღალია იმპორტის წილი. ამან იქონია გავლენა საერთო ჯამში სამომხმარებლო კალათაზე. შესაბამისად სხვა საქონელსა და მომსახურებაზეც ფასებმა მოიმატა".

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსის, ლევან ქარსაულიძის თქმით, დღესდღეობით სამომხმარებლო კალათაში 295 დასახელების საქონელი და მომსახურებაა: "სამომხმარებლო კალათის განახლება და წონების ცვლილება ბოლოს მოხდა გასული წლის დეკემბერში. ყოველ წელს ასე ხდება. დეკემბერში ახლდება კალათა, იანვარში განახლებული კალათაში შემავალ პროდუქტების ფასებზე დაკვირვება ხდება. მომავალ წელს თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე პროდუქტი ან მომსახურება მოძველებულია ან მოსახლეობა აღარ გამოიყენებს ისე ინტენსიურად, როგორც ადრე, ის ამოვარდება და ჩაენაცვლება მას ახალი პროდუქტი, რომელიც უფრო აქტუალურია მოსახლეობისთვის".

ექსპერტების მოსაზრებით, თუ ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდა, დეკემბერში შესაძლოა, მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდეს. ინფლაციის დონის მატება კი განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ყოფაზე იქონიებს გავლენას.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE