საკრებულოს წევრების დიდი ნაწილი დეკლარირებული მილიონერია

მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" თბილისის საკრებულოს ქონებრივ დეკლარაციას ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა. მათი ინფორმაციით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საკრებულოს წევრების დიდი ნაწილი დეკლარირებული მილიონერია.

ამ საკითხზე "მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი "ქრონიკა +"-ს ესაუბრა: "22 დეკლარაციიდან, რომელიც ერთი თვის განმავლობაში შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ 13 დეპუტატი დეკლარირებული მილიონერია. დოკუმენტში მითითებულია ამ ღირებულების ქონება, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ".

მისი თქმით, მილიონერ დეპუტატთა შორის არიან ლევან დარახველიძე, ვლადიმერ ძნელაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, თამარ ტალიაშვილი, ავთანდილ დავითაძე და ასევე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბეგაშვილი, რომლის ქონება მილონ ცხრაასი, ორ მილიონამდეა. "კვლევიდან ჩანს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ნელ-ნელა კიდევ უფრო მდიდრდება. რომ გითხრათ, აქამდე ღარიბები იყვნენ და ახლა უცბად გამდიდრდნენ-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგ კიდევ უფრო მდიდრდებიან და მათი ქონებრივი დეკლარაციები ამის ნიმუშია", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ლევან ხაბეიშვილი.

ორგანიზაცია ამჯერად იმ არადეკლარირებულ შემოსავლებს სწავლობს, რომელიც დეპუტატებს ქონებრივ დეკლარაციაში არ აუსახავთ.