"საქართველოს ეროვნული ბანკი "განტევების ვაცი" გახდა საქართველოს ეკონომიკური პრობლემებისთვის"

საქართველოს ეროვნული ბანკი "განტევების ვაცი" გახდა საქართველოს ეკონომიკური პრობლემებისთვის, რომელიც რუსეთის რუბლის რყევისა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო გაძლიერდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "როიტერთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სულ მცირე 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სჭირდება ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ინფლაციის გაკონტროლებისა და ლარის კურსის გამყარებისთვის. "ბაზრის მოთამაშეების მოლოდინი და ბიზნესის ნდობა საკმაოდ დაბალია. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და სავალუტო შემოდინებების გასაუმჯობესებლად", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ქადაგიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კონფლიქტი ინვესტორებს "არასწორ სიგნალებს" აწვდის. "სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვართ "განტევების ვაცის" ძიების, ვინმეზე დანაშაულის გადაბრალების მცდელობისა და კონსპირაციული თეორიების შემუშავების მოწმე. იმის ნაცვლად, რომ ბევრს ვმუშაობდეთ და ინვესტორებს ვარწმუნებდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ პრობლემების გადასაჭრელად... ჩვენ არასწორ სიგნალებს ვუშვებთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "როიტერთან" საუბარში აღნიშნა, საქართველოში ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და უცხოური ინვესტიციები მცირდება. მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა ინფლაციური მოლოდინები იყო და ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდა გადაწყვიტა. "ჩვენი მოლოდინით, რეფინანსირების განაკვეთი ამ წლის ბოლოსთვის 6,5%-ით გაიზრდება. ჩვენ არ განვიხილავთ განაკვეთების შემცირებას და არ ვართ დიდი ნახტომების მომხრე", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, მთავრობის ახალი, 2%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეალისტურია. "ჩვენი პროგნოზით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ახლოს იქნება სამი თვის იმპორტის ანაზღაურებასთან ამ წლის ბოლოსთვის. ამ გარემო პირობებში, ჩვენ არ ვაპირებთ ბაზარზე ინვესტიციების განხორციელებას ლარის მხარდასაჭერად", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორებას, გიორგი ქადაგიძის თქმით, ეს ძალიან მცდარი გადაწყვეტილებაა. "ეს დარტყმას მიაყენებს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასა და ინვესტორებს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.