ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის 17,4 კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობას ახორციელებს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 96 685 218.40 ლარია. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა. პირველ მონაკვეთზე უკვე დასრულდა მიწის სამუშაოები და როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მიმართულებაზე - ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, კერძოდ, წყალგამტარი მილების მოწყობა და მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მიმართულებაზე. მარცხენა მიმართულებით უკვე დაიგო 3 კმ ასფალტო-ბეტონის საფარი, მარცხენა მიმართულებით კი 3 კილომეტრზე მეტი, ჯამში ორივე მიმართულებაზე 8-კმ ასფალტ-ბეტონის საფარი უნდა მოეწყოს. დასრულდა ორი საავტომობილო ხიდის და ერთი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, მიმდინარეობს 2 სავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

პროექტის მესამე მონაკვეთზე 2015 წლის იანვარში დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. გზის ორივე მიმართულებით დაიგო ბეტონის საფარი, ჯამში 12 კილომეტრი. ასევე, დასრულებულია 4 ხიდის მშენებლობა. გაკეთდა 3 სატრანსპორტო კვანძი და 3 საფეხმავლო ხიდი. ამასთან, მიმდინარეობს გზის შემოფარგვლისა და ფეხით მოსიარულეთათვის ბილიკების (ტროტუარების) მოწყობა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება გარე განათების მონტაჟი. ამჟამად მესამე მონკვეთზე მიმდინარეობს სატრანსპორტო კვანძებთან მისასვლელი გზების მოწყობა, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს.