მომხმარებელთა უფლებების დასაცავად პარლამენტი სპეციალურ კანონს იღებს

პარლამენტი "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პროექტზე მუშაობას იწყებს.

განსახილველად წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამომხმარებლო სფეროს მოწესრიგებას ისახავს მიზნად – რეგულაციები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით შემოდის, როგორიცაა: დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადებული ხელშეკრულებები, ქუჩაში დადებული ხელშეკრულებები, შეცდომაში შემყვანი რეკლამა და კომერციული საქმიანობა, ხელშეკრულების უსამართლო პირობები.

კანონის პროექტით განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ეთმობა. პროექტით მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებულია გასცეს ინფორმაცია პროდუქციის დასახელების, მოვაჭრის ვინაობის, პრეტენზიის განხილვის პირობების, პროდუქტის დამზადების თარიღის, ვარგისიანობის, პროდუქტის სრული ფასის, გადახდის, მიწოდებისა და საგარანტიო პირობების, პროდუქციის გამოყენების წესების, ხელშეკრულების ვადის, ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლებისა და მისი დაცვის, ტექნიკური პასპორტსა და შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ. ხელშეკრულების დისტანციურად და ქუჩაში გაფორმების დროს, მომხმარებელს დამატებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციის ხარჯების, საჩივრით მიმართვის უფლების, ვალდებულებების შესრულების მინიმალური ვადის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნებისათვის საჭირო ხარჯების მოვაჭრის მიერ დაფარვისა და ფინანსური გარანტიების შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, ხელშეკრულების შესაბამისი პროდუქციის მიღების დროს, მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურება გაწეულია სრულად, პროდუქცია დამზადებულია ინდივიდუალური შეკვეთით, მიწოდებულია მალფუჭებადი პროდუქცია, დარღვეულია პროდუქციის ჰერმეტულობა, პროდუქტი განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქციას, მომხმარებლისთვის მიწოდებულია ჟურნალ-გაზეთები, ხელშეკრულება დადებულია საჯარო აუქციონის შედეგად, საქონელს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.

გარდა ამისა, პროექტით ახალი ინსტიტუცია – მომხმარებელთა ომბუდსმენი შემოდის. მომხმარებელთა ომბუდსმენი იცავს მომხმარებელთა ინტერესებს, ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ავლენს და განიხილავს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლების აღდგენას, მათ შორის მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით. პროექტით მომხმარებლის ომბუდსმენს უფლება აქვს, როგორც მომხმარებლის წარმომადგენელმა მიმართოს სასამართლოს მომხმარებლის უფლებების ხელყოფის აღსაკვეთად და მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში.

მომხმარებელთა ომბუდსმენს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია. როგორც კომიტეტში განმარტავენ, პროექტის მიღების მიზანშეწონილობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებიდან გამომდინარეობს, განხორციელდეს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, მათ შორის, სამომხმარებლო სფეროში არსებულ რეგულაციებთან დაახლოება. "ამრიგად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში", - აცხადებენ კომიტეტში.

პროექტის განხილვას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

ნათია ინაური