გიორგი ქადაგიძემ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს ცუდი კანონპროექტი უწოდა

პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ვეტო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებსაც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის ძალაში შესვლა მოიტანს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

გიორგი ქადაგიძემ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს და რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უარყოფითად კიდევ ერთხელ შეაფასა.  მისი თქმით, ვეტოს არანაირი გავლენა არ აქვს ლარის კურსზე პირდაპირ. "რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის ცნობილი, ეს არის ცუდი კანონი, ეს არის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩვენ პოზიციას იზიარებს ყველა - დაწყებული არასამთავრობო სექტორით, დამთავრებული საერთაშორისო პარტნიორებით. ჩვენ ვთვლით, რომ პარლამენტმა უნდა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და ვეტო გამოიყენოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებსაც ამ კანონის ძალაში შესვლა მოიტანს", - განაცხადა ქადაგიძემ.