სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.33-2.34 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.33-2.34 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.30-დან 2.31 ლარის ფარგლებში იბარებენ. როგორც სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბოლო პერიოდში ადამიანები დოლარს ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან.

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.34-დან 2.35 ლარამდე მერყეობს. კერძოდ კი, ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.34 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.30 ლარად. "თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3460 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3060 ლარად.  "ლიბერთი ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.3500 ლარია, ხოლო გაყიდვა - 2.3000 ლარადაა შესაძლებელი.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3093 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დადგინდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ის მიზეზები დაასახელა, რომლებმაც ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსის მერყეობა გამოიწვია. ქადაგიძის თქმით, ივლისი ფულადი გზავნილების თვალსაზრისით იყო სუსტი, თუმცა სებ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კურსზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას უარყოფითი მოლოდინები ახდენს. მისი თქმით, ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც კურსზე დამატებით ზეწოლას იწვევს.