ჯავახეთის რეგიონში თევზის უიშვიათესი სახეობა "ტბის კალმახი" აღმოაჩინეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ჯავახეთის რეგიონში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად თევზის უიშვიათესი სახეობა "ტბის კალმახი" აღმოაჩინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თევზის სახეობის მოპოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბოლო 20-25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, აღნიშნული თევზის სახეობა საქართველოში გადაშენებულად მიიჩნეოდა.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოპოვებული თევზის სახეობა მიეკუთვნება ტბის კალმახის კლასიკურ ფორმას (SALMO LACUSTRIS VAR ROMANOVI). გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს. სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური უიშვიათესი ჯიშების აღმოსაჩენად ექსპედიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.