ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და გორის ტურისტული განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ქალაქ გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდა.  მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ატენისა და გორის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი მეუფე ანდრია და ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტოს დირექტორი შიო კოშაძეც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გორს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომლის სრულყოფილად წარმოსაჩენად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, შესაბამისმა სახელმწიფომ სტრუქტურებმა და საპატრიარქომ შეთანხმებულად უნდა იმუშაოს.

"შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო გარემო და იდეები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებას. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სტალინის მუზეუმის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემა, ეთნოგრაფიული მუზეუმის პოპულარიზაცია, გორისციხეზე არქეოლოგიური გათხრების დაწყება და ტურისტებისთვის თეატრალური შოუს ორგანიზება, ატენის საზაფხულო ბანაკების რეაბილიტაცია და პოპულარიზაცია, პილიგრიმული ტურების განხორციელება, სამეფო ქუჩისა და ძველი ხიდის რეაბილიტაცია, - ეს იმ იდეების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებით ქალაქი შეძლებს მეტი რაოდენობის ტურისტების მოზიდვას.  ქალაქის მერმა გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პროექტებში და ამ მხრივ გორი საპილოტე ქალაქად აქციოს. გიორგი ჩოგოვაძემ კი, თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა, მხარში დაუდგეს მერიის ინიციატივებს ტურიზმის განვითარების მიმართულებით", - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.