ნოდარ ხადური: დონორებთან დამატებითი დაფინანსების მოსაზიდად ვმუშაობთ, რაც თბილისში გზების რეაბილიტაციას მოხმარდება

რამდენიმე დონორთან ვმუშაობთ, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურული დაფინანსება მოვიზიდოთ, რაც თბილისში გზების რეაბილიტაციას მოხმარდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხადურმა განმარტა, ფინანსთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება.  "ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობდით, ვმუშაობთ დონორებთან, ხაზინაში იყო ანგარიში გახსნილი, თანხები მობილიზებულია. ამ წუთას ხაზინის ანგარიშზე არის 2,7 მილიონი ლარი. ეს ის თანხაა, რომელიც ჯერ არ გადარიცხულა თბილისის ბიუჯეტში, ჩვენ ამას უახლოეს დღეებში გადავრიცხავთ. გარდა ამისა, რამდენიმე დონორთან ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული დაფინანსება, რაც მოხმარდება თბილისში გზების რეაბილიტაციას, მათ შორის, კონკრეტულად ამ მონაკვეთს, რომელზეც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.