ოთარ დანელია DEIK - ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ომერ ჯიჰად ვარდანის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ომერ ჯიჰად ვარდანიმ მინისტრს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კოლეგიის მთავარი მიზანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორული და სავაჭრო ურთიერთობების რეგულირების ხელშეწყობაა.

სტუმარმა აღნიშნა, რომ მათთვის, ვისაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სურს, აგრარული სექტორი მიმზიდველი და პერსპექტიულია, შესაბამისად, ის ურთიერთობები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში ბოლო წლებში განხორციელებული ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად მიღებულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა ქართული პროდუქციის სექსპორტო პოტენციალზე და ახალი ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა აგრარული დარგის იმ მიმართულებებზე, რომლებიც ინვესტორებისთვის საინტერესო და პერსპექტიულია. ოთარ დანელიამ აგრარულ დარგში წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახლო მომავალში სტამბოლში ბიზნესფორუმი გაიმართება, სადაც სამთავრობო დელეგაციებისა და უმსხვილესი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გურმუქჩუ ესწრებოდნენ.