ნოდარ ხადური: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე, ხელის გაშვერას სხვაგან არ დავიწყებდი

მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა. "მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშევერას სხვაგან, ვინაიდან ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას შეეხებოდა, ხადურმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით არასდროს დასმულა კითხვა, ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა, კითხვები ისმება, კითხვები დასმული იყო მის მოცულობასთან დაკავშირებით.  "ასე რომ, ამ შემთხვევაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება. არავინ ქვეყანაში არ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი არის ყველაზე დამოუკიდებელი, რაც კი ოდესმე ყოფილა, მათ შორის იმ პერიოდში, როცა ქადაგიძე იყო პრეზიდენტი და როცა მას არასოდეს დაუჩივლია, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ახლა არ არის ბრალდებების დრო, ახლა 24 საათიანი მუშაობის დროა. როგორც ქადაგიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობის სხვადასხვა წევრებისა და კოალიციის ლიდერების ყოვლად უარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში, კომიკური ბრალდებები უკვე ტრადიციად იქცა.