"ჩვენი რეზერვები წლის განმავლობაში მილიარდ ლარს გადააჭარბებს"

არანაირი ზეგავლენას ბიუჯეტი არ ახდენს გაცვლით კურსზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, 8 თვეა რეალურად გასული, საქართველოს ბიუჯეტს არ მოუხდენია ზეწოლა ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე და სავალუტო კურსზე.  "საქართველოს მთავრობამ იმის გამო, რომ გაითვალისწინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, ისე, რომ მას ამის პრობლემა შემოსავლების თვალსაზრისით არ ჰქონდა, უკვე შევამცირეთ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა და შევამცირეთ მიმდინარე ხარჯების გეგმა. გარდა ამისა, მე უნდა ვთქვა, რომ წლის განმავლობაში დავაგროვეთ დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც შემოვიდა გადასახადებით და სხვა შემოსულობებით. ჩვენ შევხდით კომერციული ბანკის ხელმძღვანელებს და მათ პირობა მივეცით, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ასევე დავაგროვებთ დაახლოებით 300 მილიონ ლარს, ანუ მილიარდ ლარს გადააჭარბებს ჩვენი რეზერვები წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ და ასე თანაბრად ბიუჯეტი არ დახარჯულა არასდროს და არანაირი ზეგავლენას ბიუჯეტი არ ახდენს გაცვლით კურსზე", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე განცხადებით, ქადაგიძემ გუშინ განაცხადა, რომ საგარეო შოკი უკვე არის ანულირებული, ზეგავლენა აღარ ხდება. "იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარი პოლიტიკით განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მეორე მხრივ, თავს დაანებებს ბიუჯეტისკენ ხელის გამოშვერას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.