აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, იანვარ-ივლისში განთავსების ობიექტებში ტურისტების 3,40%-იანი ზრდაა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში განთავსების ობიექტებში ტურისტების 3,40%-იანი ზრდა შეინიშნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ივლისის თვე ტურისტთა რაოდენობის ზრდით მიმდინარე წელს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს აღწევს.  აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემების მიხედვით, ივლისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში (7თვე) გასულ წელთან შედარებით, ტურისტების 3,40%-იანი ზრდა შეინიშნება.

განთავსების ობიექტების მიხედვით, რაოდენობრივი მაჩვენებლებითა და ზრდით ლიდერობს შემდეგი ქვეყნები: - თურქეთი (+3,2%), აზერბაიჯანი (+1,5%), რუსეთი (+3,7%), უკრაინა (+3,5%), სომხეთი (+0,8%), პოლონეთი (+3,7%), ისრაელი (+4,6%), ბელორუსი (+6,8%), ყაზახეთი (+11%), ლიტვა (+5,5%).

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ივლისის თვეში 6,10%-იანი ზრდა დაფიქსირდა ასევე აჭარაში არსებულ სასაზღვრო პუნქტებში, კერძოდ, სარფის საბაჟოს, აეროპორტსა და ბათუმის პორტში. სასაზღვრო მონაცემების მიხედვით, 9,16%-ითაა გაზრდილი უცხოელი ტურისტების, ხოლო 3%-ით - საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 737 ათასზე მეტმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 9,5 პროცენტით აღემატება. საქართველოში დასასვენებლად კი 336 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2014 წელთან შედარებით, 2,2% პროცენტით მეტია.