ივლისში საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე ფასები შემცირდა

წინა თვესთან შედარებით, ივლისში ქიმიურ, საკვები პროდუქტების, თამბაქოს, ლითონის მზა ნაწარმის წარმოებასა და მეტალურგიულ მრეწველობაზე ფასები შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, 2015 წლის ივლისში 2015 წლის ივნისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 %-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის ივლისთან შედარებით, 7,8 %-ით გაიზარდა. 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 78,1 %-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 2,3 პროცენტით შემცირებამ, რამაც -1,93 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ფასები შემცირებული იყო ქიმიურ წარმოებაზე (-10,9 პროცენტი), საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (-1,8 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-3,8 პროცენტი).

"12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 10,3 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 8,44 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (12,8 პროცენტი), ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (32,8 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (4,3 პროცენტი) და რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოებაზე (27,8 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 4,4 პროცენტით და შესაბამისად, სექციამ -0,58 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილების საერთო მაჩვენებელში", - ნათქვამია განცხადებაში.