თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით, სემეკ-ში მორიგი განხილვა მიმდინარეობს

სემეკ-ში "თელასის" ტარიფთან დაკავშირებით, მორიგი წინასწარი განხილვა მიმდინარეობს. როგორც განხილვის დაწყებამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ განაცხადა, დღეს სემეკ-ში "თელასის" კაპიტალური დანახარჯების შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა მოხდება. საჯარო განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.

"მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლის, სოსო შატბერაშვილის აზრით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, "თელასმა" გაბერილი დანახარჯები წარმოადგინა, რათა თბილისში დენის ტარიფმა მოიმატოს. შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ გამოიყენებენ ყველა პოლიტიკურ მეთოდს, რათა ამას ხელი შეუშალონ.

განხილვის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ "თელასის" მიერ ელექტროენერგიის შესყიდვაზე დანახარჯები ხელოვნურად არის გაბერილი. ბაღათურიას თქმით, მოქმედებს მაფიოზური სტრუქტურა საქართველოში, რომელსაც სათავეში უდგას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საზოგადოებას არ ეძლევა ზუსტი ინფორმაცია, რადგან ამ ყველაფერს კომერციული საიდუმლოება დაარქვეს.

ოპოზიციური პარტიების განცხადებებს გაბერილ დანახარჯებთან დაკაშვირებით, "თელასის" წარმომადგენელი მიხეილ ანთაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. მისი თქმით, "თელასის" მიერ წარმოდგენილი დანახარჯები აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებულია.  როგორც ანთაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო პროცესი და ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა მას არ შეუძლია. მისი თქმით, სემეკ-ში "თელასის" მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის და დოკუმენტაციის დაწვრილებითი განხილვა მიმდინარეობს.