ივლისის თვეში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 92,1 ათასი ტონა, რაც 11,1 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ივლისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 34,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 57,6 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 24,4 ათასი ტონა ანუ 70,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 9,7 ათასი ტონა ანუ 28,1%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,4 ათასი ტონა ანუ 1,2%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ივლისის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 26,4 ათასი ტონა ანუ 45,8%, L-62 დიზელის საწვავი - 31,2 ათასი ტონა ანუ 54,2%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წლის ივლისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 29,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 24,2 ათასი ტონა - 26,3%; ბულგარეთი - 17,0 ათასი ტონა - 18,5%; რუსეთი - 10,6 ათასი ტონა - 11,5%; საბერძნეთი - 6,2 ათასი ტონა - 6,7%, თურქმენეთი - 4,5 ათასი ტონა - 4,9%.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტებს, მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,5 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 90,4% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, ივნისში - 1,7 ათასი ტონა, მაისში - 1,3 ათასი ტონა. 2015 წლის ივლისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,9 ათასი ტონა, ივნისში - 2,6 ათასი ტონა, მაისში - 2,3 ათასი ტონა.

წყარო: oilnews.ge