თბილისსა და როსტოვს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგა

ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისსა და როსტოვს შორის, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, პირდაპირი რეგულარული ავიარეისი განახორციელა.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათობითა და ხუთშაბათობით განხორციელდება. ბილეთის მინიმალური ფასი ერთი მიმართულებით კი 124 ევრო იქნება. როსტოვი რუსეთის რიგით მეოთხე ქალაქია მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგისა და სამარის შემდეგ, რომლის მიმართულებითაც Georgian Airways პირდაპირ რეგულარულ რეისებს ახორციელებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან განახლდა. საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სამარაში, ეკატერინბურგსა და სოჭში, რუსეთიდან კი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.