მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის მოწყობა ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ი - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურით 2000-მდე დასახლებული პუნქტის დაფარვა იგეგმება.

როგორც დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ ბრიფინგზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა წარმოადგენს. პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ა(ა)იპ "ოუფენ ნეტი" დარეგისტრირდა. პროექტის მიმართ ინტერესი ფონდმა "ქართუმ" გამოხატა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც პროექტი განხორციელდება.

"მაგალითად ლიტვაში, ევროკავშირის ხელშეწყობით მოხდა მსგავსი სახელმწიფო პროვაიდერის ფორმირება, რომელმაც საბითუმო ქსელის ფორმირება უზრუნველყო იქ, სადაც ქსელის განხორციელებელა კერძო ოპერატორებს დაგეგმილი არ ჰქონდათ. ჩვენ აბსოლუტურად იდენტურ პროცესს ვანხორციელებთ. ჩვენ ვეკითხებით კერძო კომპანიებს და მათ გარანტირებულად უნდა გვითხრან, სად შედიან ისინი და სად არ შედიან, სად აქვთ კაბელი. ეს ინფორმაცია იქნება გათვალისწინებული იმისათვის, რომ შეიქმნას ღია დაშვების წერტილები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მცირე, საშუალო თუ მსხვილ ოპერატორს უკვე იქიდან შეეძლება მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება. დღეს არის პრობლემა ის, რომ კაბელი რაღაც უბნამდე არ მიდის, ხოლო კაბელი რომ გაიყვანოს, ოპერატორს პირველადი დანახარჯები იმდენად უძვირდება, რომ იქ არ შედის. აღნიშნული პრობლემა გადაწყდება – სახელმწიფო არ შედის კონკრეტულ მომხმარებლამდე მომსახურების მიწოდების სერვისით, არამედ ის უზრუნველყოფს გზის – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ფორმირებას იქამდე, სადაც ის არ არსებობს, ან არ შეიქმნება უახლოეს მომავალში", - განმარტავს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი.

ქაშიბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურით ყველა პროვაიდერს და ოპერატორს არადისკრიმინაციულად ექნება საშუალება, თავისი სერვისი 2000-მდე დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს მიაწოდოს. ასევე ახალ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა. მისივე თქმით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა იქნება სახელმწიფოსი, ხოლო სახელმწიფოს ფონდი "ქართუ" გრანტის სახით დაეხმარება, რათა პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს. ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, აღნიშნული პროცესის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინება. საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით, წინასწარი შეფასება და ბაზრის შესწავლა მოხდა და შედეგად, საუკეთესო კომპანიად, როგორც გამოცდილების, აგრეთვე შემოთავაზებული ფასის მიხედვით, "დეტეკონი" შეირჩა.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ამბობენ, სრული საკონსულტაციო სამუშაო მოიცავს 7 ფაზას - კერძოდ, მოთხოვნის ანალიზს, ქსელის დიზაინს, ღირებულების შეფასებას, განხორციელების დაგეგმვას, ეკონომიკური მოდელირებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა-შეფასებას.