ნოდარ ხადური უალკოჰოლო სასმელების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ელექტრონული მარკირების საკითხთან დაკავშირებით უალკოჰოლო სასმელების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, უალკოჰოლო სასმელების კომპანიების წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა.  "მე მათ არაერთხელ შევხვდი. შევხვდი 2012 წელსაც, შევხვდი 2013 წელს, მე ვიყავი რამდენიმე საწარმოში, დავათვალიერე ეს საწარმოები. 2014-2015 წლებშიც მქონდა შეხვედრები და მომავალშიც აუცილებლად შევხვდები. მე ვიცი, რომ ეს საწარმოები გარკვეულ პიარკამპანიას გეგმავენ მთავრობის და კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ მომავლ კვირაში, თუმცა, ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს განაცხადი, 2012-შიც, 2013-შიც, 2014-ში და დღესაც გავიმეორებ, რომ სამი პრობლემა ერთდროულად უნდა მოვაგვაროთ. შეიძლება მათ შორის რაღაც პატარა წინააღმდეგობა იყოს ამ ამოცანებს შორის, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, პირველ რიგში, უნდა იყოს მოწესრიგებული აღრიცხვა და ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში კუთვნილი გადასახადები. არ უნდა იყოს "შავი ხვრელები", რომელსაც ისინი გამოიყენებენ გარკვეული მიზნებისათვის. ეს პირველი ამოცანაა. მეორე - ბიზნესს არ უნდა ჰქონდეს დამატებითი ბარიერები და არ აქვთ ეს ბარიერები და მესამე - ამის გამო პროდუქცია არ უნდა გაძვირდეს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით, სამივე პრობლემის მოგვარებით ძალიან კარგი მეთოდია ის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური პირველი ნოემბრიდან დაიწყებს მარკირების პროცესს, აღირიცხება ყველა პროდუქცია, რომელიც გამოშვებული იქნება ამ სფეროში. "მეორე ბიზნესს ამისათვის არ მოუწევს დამატებითი თანხების გადახდა. თანხებს არ გადაიხდის არც სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს არ მოაკლდება არც ერთ სხვა ხარჯს, რომელიც გათვალისწინებული გვქონდა. პირიქით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროდან ბევრი გადასახადი შემოვა, რომელიც მომავალში არამარტო სოციალურ, (თუმცა, სოციალური პრობლემების მოგვარებასაც მოხმარდება), მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვას, პენსიებს, გზებს და ა.შ. რაც მთავარია, შემოსავლების სამსახურის სხვა შემოსავლებიდან, (მოგეხსენებათ, მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავლების წყაროები) მოხდება აღნიშნული თანხების დაფარვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს სამი პრინციპი იყოს დაცული, ბიზნესმა თავი იგრძნოს დაცულად და ასევე ყველა ადამიანმა, რომელიც ბიუჯეტიდან ელოდება სარგებელს, მიიღოს ეს სარგებელი", - განაცხადა ხადურმა.