ივლისში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ იკლო

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2015 წლის ივლისში 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის მაჩვენებელი 31.8 პროცენტით (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა. 2015 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.1 მლნ აშშ დოლარი (29.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.2 მლნ აშშ დოლარისა (26.7 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2015 წლის ივლისში 43.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წლის ივლისში კი მოცულობა 72.6 მლნ დოლარს შეადგენდა. იტალიიდან გზავნილების რაოდენობამ გასულ თვეში 8.7 მლნ შეადგინა, რაც გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1.8 მლნ დოლარით ნაკლებია. აშშ-დან საქართველოში გასულ თვეში გზავნილებმა 8.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წლის ივლისთან შედარებით 1,3 მილიონით მეტია. გზავნილები შემცირებულია თურქეთიდანაც. 2015 წლის ივლისში თურქეთიდან საქართველოში 6.2 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2015 ივლისთან შედარებით 1.1 მლნ დოლარით მეტია. ყველაზე მეტად 2015 წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით საბერძნეთთან მიმართებაში შემცირდა. საბერძნეთიდან გზავნილებმა გასული წლის ივლისში საქართველოში 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის ივლისში კი 4.4 მლნ დოლარი. გადმორიცხვების რაოდენობა თითქმის იგივე რაოდენობას შეადგენს ესპანეთიდან და გერმანიიდან, ხოლო ისრაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაზრდილია.