კომპანია ლუდის ქარხნის მშენებლობას აპირებს, ფინანსურ რესურსს კი საწესდებო კაპიტალის გაზრდის მეშვეობით მოიძიებს.
კერძოდ, კომპანია დამატებითი 160 მილიონი აქციის გამოშვებას გეგმავს, რომელთა საერთო ნომინალური ღირებულება 1,6 მილიონი ლარია. კომპანიის აქციონერებს უპირატესი გამოსყიდვის უფლებით მიეცემათ საშუალება, ახლად ემიტირებული აქციების შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ.
როგორც ცნობილია, თადარიგი უკვე დაიჭირა "ლიბერთი კონსუმერმა" ("საქართველოს ბანკის" შვილობილი), რომელიც "თელიანი ველის" საკონტროლო პაკეტს (50,23%-ს) ფლობს. საფინანსო კომპანია ამ მიზნით საკუთარი საწესდებო კაპიტალის 2 მილიონი ლარით გაზრდას განიხილავს.
სს "თელიანი ველი" 1997 წელს "სამარკო ღვინოების თელიანის მარნის" ბაზაზე დაარსდა. კომპანია ქართული ღვინის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. გასულ წელს "თელიანი ველის" პროდუქციის რეალიზაციამ 30,8 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი - 1,8 მილიონი ლარი, თუმცა, წინა წელთან შედარებით, 40%-ით მოიკლო.
ბელა ნოზაძე