"ოქტომბრის დასაწყისში სერიოზულ სატრანსპორტო კრიზისს მივიღებთ"

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი სავარაუდოდ, 15 სექტემბრისთვის გაიხსნება, ხოლო მთლიანად გზა არაუგვიანეს სექტემბრის ბოლომდე.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი გზა დროულად არ გაიხსნა, დედაქალაქი სერიოზულ სატრანსპორტო კოლაფსს მიიღებს.

- ყოველწლიურად ქვეყანაში ავტომობილებისა და მათი შეძენის მსურველების რაოდენობა დაახლოებით ათი პროცენტით იზრდება, საბოლოოდ ეს ძალიან დიდ ციფრზე გადის. დედაქალაქში სავარაუდოდ 400 ათასამდე ავტომობილია. 300 ათასამდე რეგისტრირებულია, მაგრამ დახლოებით 100 ათასი შემოდის-გადის, ზოგი ტრანზიტულია, ზოგი ტაქსია და ა.შ. მაშინ როდესაც მერიას საცობების განსამუხტად ალტერნატიული პროექტების გაკეთება უნდა დაეწყო, ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი დაზარალდა.

- რამდენად ამსუბუქებდა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა მოძრაობას?

- ეს გზა საშუალებას გვაძლევდა, რომ ვაკე-საბურთალოს გზა ე.წ. ტრანზიტული გადაადგილებისგან მთლიანად განმუხტულიყო. მაგალითად, თუ რუსთაველის გამზირიდან ნუცუბიძეზე მიდიხართ, არ გაივლიდით ვაკე-საბურთალოს, ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას და გაივლიდით ახალ გზაზე. ახლა დაწოლა მოხდება ჭავჭავაძის გამზირზე, პეკინზე, ვაჟაზე, რაც ჩვენი აზრით სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის თვეში, მას შემდეგ რაც ამინდები გაუარესდება, გამოიწვევს ძალიან სერიოზულ სატრანსპორტო კრიზისს და მოძრაობაში იქნება კოლაფსი. დღეს მეტ-ნაკლებად გადატვირთული მოძრაობაა, მაგრამ ოქტომბერში მივიღებთ ჩაჭედილ საცობს. ეს არის ჩვენი პროგნოზი იმ გათვლებზე დაყრდნობით, რაც დღეს გვაქვს - ავტომობილების რაოდენობის მატება და გადატვირთული მოძრაობა. დედაქალაქში არცერთი ალტერნატიული პროექტი არ განხორციელებულა გზებისა და ხიდის მშენებლობის მხრივ და რაც გვქონდა, ისიც დაზიანებულია.

- შეიძლება ითქვას, რომ ახალი გზა დროულად თუ არ გაკეთდა, სერიოზული საავტომობილო პრობლემა შეიქმნება?

- დიახ, თავიდან თქვეს, რომ გზა 15 სექტემბრისთვის იქნება მზადო, მაგრამ არ გამოდის და ახლა სექტემბრის ბოლომდეო, თუ ამ დროს გაიხსნა, ნამდვილად კარგი იქნება, მაგრამ მეეჭვება, მოესწროს. ხოლო თუ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში გაიხსნა, დედაქალაქში საკმაოდ სერიოზული პრობლემა გვექნება.

- ამას გარდა, კიდევ რომელ ქუჩაზე არსებული მოძრაობა იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემას?

- ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში იმისთვის, რომ საცობები განიმუხტოს, რკინიგზის გადატანაა, სადაც უნდა გაკეთებულიყო ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს პროექტი რამდენჯერმე შეჩერდა. აგიხსნით თუ რა შედეგს მოგვცემდა ეს მაგისტრალი - დღეს დედაქალაქი ე.წ. ტრანზიტული მოძრაობით არის გადატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თუ გლდანიდან ვარკეთილში მიდიხართ, ამისთვის უნდა გამოიყენოთ მარჯვენა და მარცხენა სანაპირო. მას შემდეგ, რაც ეს გზა გაკეთდება, ჩქაროსნული მაგისტრალით შეგიძლიათ გადახვიდეთ ერთიდან მეორეში. თუ გლდანიდან მიდიხართ კახეთის მიმართულებით ან პირიქით, ვარკეთილიდან დასავლეთის მიმართულებით, ყველა გადაეწყობა ამ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, რაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გადატვირთულ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს 37%-ით განმუხტავს.

როცა თავის დროს გმირთა მოედანი აშენდა, მას შემდეგ ავტომობილების რაოდენობა იზრდება, ამიტომ მას რეკონსტრუქცია სჭირდება. კიდევ ერთი კვანძი, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს გარკვეული ცვლილებების შეტანას და ორდონიანი მოძრაობის მოწყობას, სააკაძის მოედანია. ზოგადად, საცობების განსამუხტად ბევრი პროექტია განსახორციელებელი, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ჩქაროსნული მაგისტრალი და სააკაძის მოედანზე ორდონიანი მოძრაობის მოწყობა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE